ლაშა ავალიანი: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სურსათში ტრანსცხიმების შემცირების მიმართულებით

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგს „ტრანსცხიმების აღმოფხვრა, სიცოცხლის გადარჩენა” დაესწრო.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოში ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმოვანი მჟავების აღმოფხვრის მიმართულებით მიღწეული პროგრესი, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობა საერთაშორისო მოთხოვნებთან, არსებული გამოწვევები, რესურსები და მრავალსექტორული თანამშრომლობის საჭიროება.

„საქართველო ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად მიიჩნევა და მიღწეული შედეგებიც ამის დასტურია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ამ მიმართულებით უკვე განახორციელა მასშტაბური სამუშაო, რამაც ტრანსცხიმებთან დაკავშირებული რისკების შემცირების პროცესში მნიშვნელოვანი პროგრესი უზრუნველყო“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.
მონაწილეებმა გაიზიარეს რეგიონული და საერთაშორისო გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკა და რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მასშტაბით ჯანსაღი კვების პოლიტიკის სრულყოფილ და ეფექტიან განხორციელებას.

„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა სურსათში ტრანსცხიმების შემცირების მიმართულებით, გააძლიერა ლაბორატორიული შესაძლებლობები და უზრუნველყო ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლი. დამატებით იგეგმება ღონისძიებები, რომლებიც მომხმარებლებს ტრანსცხიმების შემცველობასა და მათ შესაძლო ჯანმრთელობის რისკებზე უფრო მკაფიო ინფორმაციას მიაწვდის“, -აღნიშნა ლაშა ავალიანმა.
საქართველოს მიერ სურსათში ტრანსცხიმების შემცირების მიმართულებით მიღწეული პროგრესი და განხორციელებული ნაბიჯები სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზურაბ ცქიტიშვილმა წარადგინა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ევროპის რეგიონში ინდუსტრიულად წარმოებული ტრანსცხიმების ელიმინაციის დაჩქარების პროექტის ახალი ეტაპი დაიწყო, რომლის პრიორიტეტულ ქვეყნებად საქართველო, თურქეთი და ტაჯიკეთი განისაზღვრა. პროექტის მიზანია შერჩეულ ქვეყნებში ტრანსცხიმების აღმოფხვრის პოლიტიკის განხორციელებისა და მონიტორინგის მექანიზმების გაძლიერება, ასევე WHO-ს ტრანსცხიმების სერტიფიცირების პროგრამის აღსრულება.

საქართველოში ინდუსტრიული ტრანსცხიმების ნორმა პირველად 2016 წელს, მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა, რისი საფუძველიც სოფლის მეურნეობის სამინისტროს რისკის შეფასების სამსახურის მეცნიერთა დასკვნა იყო. 2017 წლიდან სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ნიმუშების სისტემატიური აღება, ხოლო სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიამ დანერგა საერთაშორისო სტანდარტის ISO 12966-4:2015-ის შესაბამისი კვლევის მეთოდი, რაც პროდუქტის ცხიმოვანი შემადგენლობის ზუსტ განსაზღვრას უზრუნველყოფს.

2023 წელს, ევროკავშირთან გაფორმებული DCFTA-ს ვალდებულებების გათვალისწინებით, ტრანსცხიმებთან დაკავშირებული ეროვნული საკანონმდებლო მოთხოვნები სრულად ჰარმონიზდა ევროკავშირის რეგულაციასთან (EC No 1925/2006). შედეგად, დღეს საქართველოს კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და WHO-ს მიერ ტრანსცხიმებისთვის დადგენილ მოთხოვნებთან.

Back to top button