ირაკლი კირცხალია: ევროკავშირის დაკვეთილ კვლევებში საქართველო მოწინავე ადგილზეა, ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენთვის ეს კვლევა არაფერს ნიშნავს – თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს, შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ოპოზიციური მედიის წარმომადგენლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა ევროკავშირის და ზოგადად, ევროპის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ უსამართლო დამოკიდებულებასთან დაკავშირებით.

კირცხალიამ კითხვით მიმართა „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებს თუ რას მოიმოქმედებენ, ისინი საქართველოს ხელისუფლების ადგილზე მაშინ, როცა ყველა რეიტინგში მოწინავე პოზიციის მიუხედავად, რომლებიც სწორედ ევროპული ინსტიტუტების კვლევის შედეგია, ევროკავშირის მხრიდან მაინც ნეგატიური დამოკიდებულება მოდის. ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ევროკავშირის მიზანია, რომ საქართველო გახდეს პროქსი სახელმწიფო და იყოს მონურ რეჟიმში.

„მე თქვენ გეუბნებით, რასაც თქვენ აკეთებთ პროფესიულად, რაც თქვენ გევალებათ, ამ ყველაფერში ვიცით, რომ ხართ წარმატებული ყველა კუთხით და ყველა მიმართულებით, მაგრამ მე გეუბნებით, რომ ეს ყველაფერი ასე არ არის, თქვენ პირადად უნდა გახდეთ ჩემი მარიონეტი. რასაც მე გეტყვი, შენ ხმის ამოუღებლად, ზედმეტი კითხვის გარეშე მონურ, ვასალურ, მარიონეტულ რეჟიმში, ეს ყველაფერი უნდა შეასრულო. თუ შენ ამას არ გააკეთებ, ყველა ის წინსვლა, რეფორმა, ყველა ის შედეგი, რომელიც ინსტიტუციურად გაქვს დადებული, არ გეთვლება.

ყოველ შემთხვევაში არ გეთვლება მანამ, სანამ მე არ გადავწყვეტ შენ ეს ჩაგეთვალოს თუ არა. რას მიპასუხებდით? – დამიმტკიცეთ, როდესაც ქვეყანა ყველაფერს აკეთებს ინსტიტუციურად, ვხედავთ კვლევებს სხვადასხვა მიმართულებით, ვხედავთ შედეგებს – დღესაც გამოქვეყნდა მორიგი შედეგი სასამართლო თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასთან მიმართებით მოწინავე ადგილზე ვართ – როდესაც ინსტიტუციურად მათივე დაკვეთილ კვლევებში არის მოწინავე ადგილზე, არ მაქვს საუბარი კანდიდატ ქვეყნებზე, ზოგადად ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის, საუკეთესო ოცეულში, როდესაც ასეთი შედეგები აქვს ქვეყანას ინსტიტუციურ დონეზე, ამ ყველაფერს ვაკეთებთ და ჩვენ მათი პოლიტიკოსებიდან ვისმენთ, რომ არა – თქვენ სანამ არ გახდებით ჩვენი პროქსი სახელმწიფო, სანამ არ გახდებით ჩვენი მარიონეტი ხელისუფლება, ჩვენ გადავწყვეტთ თქვენზე ვთქვათ კარგი, თუ ცუდი, ჩვენ გადავწყვეტთ, თქვენ ამ შედეგებზე შეგაქოთ თუ არა, ჩვენ გადავწყვეტთ, ეს შედეგები მივიღოთ თუ არ მიიღოთ. თან მათივე ინსტიტუტის მიერ დაკვეთილი კვლევებია. ხომ ამ ქვეყნის მოქალაქეები ხართ, რა პასუხს გასცემდით, რა უნდა დაუმტკიცოს ჩვენმა ქვეყანამ, ან რა უნდა დამიმტკიცო შენ, როდესაც იცი, რომ ყველაფერს ასრულებენ შენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ინსტიტუციურად აბსოლუტურად ყველა დონეზე წამყვან პოზიციებს იკავებ და იქაური პოლიტიკოსი გეუბნება, რომ არა, შენ უნდა იყო ჩემი მარიონეტი, შენ უნდა იყო ჩემთან მონურ რეჟიმში. თითოეული მათი საქციელი, განცხადება, რეზოლუცია, სწორედ ეს არის. ამიტომ ვსვამ მარტივ კითხვას – ავიღოთ ყველა მიმართულებით კვლევა, ამ კვლევაში ვართ მოწინავე ადგილზე და გვეუბნებიან, რომ ჩემთვის ეს კვლევა არაფერს არ ნიშნავს თუ ისე არ იქნება როგორც ჩვენ გვსურს შენ თუ არ გახდები მარიონეტი, ჩვენ ამ ყველაფერს არ დავაფასებთ, ჩვენს ხელშია ეს იარაღი, ამას მივიღებთ თუ არა – აი, ასე გვესაუბრებიან, ჩვენ რა უნდა ვუმტკიცოთ?“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.

Back to top button