
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზალკალიანთან ერთად, ჭიათურის N7 ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლა გახსნა.
მინისტრმა განახლებული ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
გივი მიქანაძესთან ერთად სკოლის ინფრასტრუქტურას გაეცნენ ჭიათურის მერი გივი მოდებაძე და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორის მოადგილე თამარ ფიცხელაური.
ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში 500 მოსწავლეზე გათვლილ შენობას ჩაუტარდა სრული რეაბილიტაცია. განახლდა შიდა სპორტული დარბაზი, ბიბლიოთეკა, რესურსოთახი, ბუფეტი, სააქტო დარბაზი, საკონფერენციო აუდიტორია, ექიმის კაბინეტი, ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები. მთლიანად შეიცვალა გათბობისა და წყალმომარაგების სისტემები.
შენობა სრულად არის ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.
ინფრასტრუქტურული პროექტი საქართველოს მთავრობისა და მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა და მისი ღირებულება 8 მილიონ 900 ათას ლარზე მეტს შეადგენს.