
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორ ირაკლი გულედანთან ერთად, ახალციხეში მეთევზე ფერმერებს შეხვდა.
შეხვედრაზე ფერმერებს თევზის დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილი კვლევები გააცნეს. მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს თევზის დაავადებების დიაგნოსტიკასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, ნიმუშების აღებისა და ლაბორატორიაში მიწოდების წესი.
„ჩვენი მიზანია, გავზარდოთ ლაბორატორიების შესაძლებლობები, დავნერგოთ თანამედროვე კვლევის მეთოდები და ამით კიდევ უფრო მაღალი ხარისხის მომსახურების სისტემა შევქმნათ. ეს მნიშვნელოვანია როგორც რეგიონებისთვის, ისე ქვეყნის მასშტაბით აგროწარმოების უსაფრთხოებისა და ხარისხის უზრუნველყოფისთვის. მეთევზე ფერმერებს არ სჭირდებათ ნიმუშების ცენტრალურ ლაბორატორიაში გამოგზავნა, რეგიონული ლაბორატორიები იდენტური მაღალი სტანდარტით აწარმოებენ კვლევებს. მთავარი ამოცანა არის ფერმერებსა და ლაბორატორიას შორის ეფექტიანი თანამშრომლობის განვითარება“, – განაცხადა ლაშა ავალიანმა.
სამცხე-ჯავახეთში ვიზიტის ფარგლებში, მინისტრის მოადგილე ახალციხის რეგიონულ ლაბორატორიას ეწვია, დაათვალიერა თანამედროვე აპარატურით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა და გაეცნო თევზის დაავადებების მიმართულებით ლაბორატორიაში დანერგილ კვლევებს.
ფერმერებთან გამართულ შეხვედრას სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.