
„ჩვენი მოტივაცია არის ენერგეტიკის სექტორის ხელშეწყობა, შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ მილიარდი ლარის ჯარიმის პატიება კერძო სექტორისთვის არის ძალიან დიდი მხარდაჭერა, რამდენადაც ისინი ამ თანხებს სრულად მოახმარენ უშუალოდ ენერგეტიკული პროექტების განვითარებას და ამით აჩქარდება დადგმული სიმძლავრეებიც ყოველწლიურად” – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე საუბრისას მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ამ ჯარიმების პატიება უპირობოდ არ ხდება.
„პირველი, რაზეც ვთანხმდებით და ამაზე საჯაროდ ვსაუბრობთ, არის ის, რომ მოხდება თითოეული პროექტის გადახედვა, საჭიროების შემთხვევაში, განისაზღვრება შესრულების ახალი ვადები, სადაც ორივე მხარე აიღებს პასუხისმგებლობას შეთანხმებული გეგმა-გრაფიკის, პერიოდებისა და პროცესის შესახებ. ამ ჯარიმების პატიების წინაპირობაში მთავარი ის არის, რომ თუ ინვესტორი თანხმდება ახალ ვადას და ამბობს, რომ გარკვეულ პერიოდში სრულად მოახდენს პროექტის ექსპლუატაციაში შეყვანას, ამ შემთხვევაში პატიება უპირობოა, თუმცა, თუ დაირღვევა ვალდებულება, მაშინ ნაპატიები ჯარიმა სრულად აღუდგება ინვესტორს და ასევე დაერიცხება ახალი პირგასამტეხლო, საურავი, რომელიც დაკავშირებული იქნება უშუალოდ ახალი ვადის დარღვევასთან” – განმარტა ეკონომიკის მინისტრმა.
მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა პროცესის აქტიური მონიტორინგსა და კონტროლზე.
„სახელმწიფოს ძალიან ბევრი ფუნქციური ბერკეტი აქვს იმისთვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით, მათ შორის, ზედამხედველობით უზრუნველვყოთ ის, რომ მუდმივად ვიცოდეთ, რა ეტაპზეა პროექტები, რა სტატუსი აქვთ და გარკვეული პერიოდის შემდგომ არ აღმოვაჩინოთ, რომ რომელიმე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი დათქმული გეგმა-გრაფიკით არ ხორციელდება” – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა ასევე აქცენტი გააკეთა ენერგეტიკის სექტორში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ტენდენციებსა და მიმდინარე წლის მოსალოდნელ შედეგებზე.
„გულწრფელად უნდა ვთქვათ, რომ ბოლო წლების განმავლობაში, საკმაოდ შემცირებული ტენდენცია გვქონდა. ბოლო სამი წლის მაგალითი რომ ავიღოთ, დაახლოებით 105 მეგავატი სიმძლავრეა შესული ექსპლუატაციაში, ხოლო მიმდინარე წელს ჯამურად შესულია ექსპლუატაციაში 104 მგვტ სიმძლავრის ელექტროსადგურები,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.