
„ჩვენ ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ფაქტობრივად, ყველა სექტორში ოპერირებად ბიზნესებთან. ჩვენი მთავარი საზრუნავი არის ის, რომ უზრუნველვყოთ ჩვენს ქვეყანაში ყველა პრიორიტეტულ სექტორში შიდა და საერთაშორისო ინვესტიციების ზრდა და ფინანსური რესურსების ხელმისაწვდომობა, განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა და აღნიშნა, რომ ყოველივე ამან საქართველოში ახალი სამუშაო ადგილების ზრდისთვის პირობები უნდა შექმნას.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღად ვითარდება და აქვს როგორც რეგიონში, ისევე ევროპის წევრ ქვეყნებში მოწინავე ეკონომიკური ზრდა. მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, 2022 – 2024 წლებში საქართველოს ეკონომიკა 9.8 პროცენტით გაიზარდა, ასევე წარმატებულია მიმდინარე წელიც – იანვარი – ოქტომბრის ეკონომიკურმა ზრდამ 7.6 პროცენტი შეადგინა.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი, ძირეული სექტორები ჯანსაღად, დივერსიფიცირებულად და მდგრადად ვითარდებიან. განსაკუთრებით გამოვყოფდი ტრანსპორტს, ლოგისტიკას, ენერგეტიკას და სტუმართმასპინძლობის სექტორს. საექსპორტო პოტენციალი იზრდება წლიდან წლამდე, ასევე ზრდადია ინვესტიციების მოცულობა. იმ უკუკავშირიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი ადგილობრივი სექტორის წარმომადგენლებიდან ვიღებთ, უზრუნველვყოფთ, რომ თითოეული ინსტრუმენტი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნია, სწორად და ჯანსაღად იქნას გამოყენებული ეკონომიკის თითოეული დარგის განვითარებისთვის,” – აღნიშნა მინისტრმა.