ვოლფგანგ იშინგერი: ვიდრე უკრაინა ომობს, ევროპა უსაფრთხოდ არის

მიუნხენის უსაფრთხოების საერთაშორისო კონფერენციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ვოლფგანგ იშინგერმა მაღალი შეფასება მისცა უკრაინის როლს ევროპის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, რუსეთის აგრესიული მისწრაფებების ფონზე.

„ვიდრე ჩვენი უკრაინელი მეგობრები გადამწყვეტად და მამაცურად აწარმოებენ ამ ომს, ევროპა უსაფრთხოდ არის“, – განაცხადა მან Deutsche Welle-სთვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში.

„ევროპა უსაფრთხოდ არის, რადგან უკრაინელები უკვე მრავალი წლის განმავლობაში წარმატებით აკავებენ ძლევამოსილ რუსულ არმიას წარმოუდგენლად ჯიუტ ბრძოლაში, რა დროსაც იცავენ საკუთარ ქვეყანას. იმ მომენტში, როდესაც ეს ომი დასრულდება, როდესაც იარაღი დადუმდება დონბასში და უკრაინის სხვა რეგიონებში, რუსეთი კვლავ მიიღებს სამშვიდობო დროს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც გადაჭიმულია ათ ან თერთმეტ სასაათო სარტყელზე, და მას ექნება საკმარისი დრო, რათა გადაჯგუფდეს“, – აღნიშნა ვოლფგანგ იშინგერმა.

„ჩვენი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ შეგვეძლოს ევროპის დაცვა, ამით არ დასრულდება. პირიქით, ეს ნამდვილად მხოლოდ ახლა დაიწყება. აქამდე ტვირთი უკრაინელებზე იყო. ომის დასრულების შემდეგ, მოგვიწევს, რომ ამ ტვირთის გაცილებით დიდი ნაწილი ჩვენ ვიტვირთოთ“, – დასძინა იშინგერმა და დაეთანხმა ნატოს გენერალური მდივნის, მარკ რიუტეს აზრს იმის შესახებ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი პუტინის შემდეგი სამიზნეა.

Back to top button