
იუნესკოს ეს გადაწყვეტილება ხაზს უსვამს კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს ასპექტს – ხორბალი და პურის გატეხვის ტრადიცია არის მშვიდობისა და სოციალური ერთიანობის სიმბოლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იუნესკოს მიერ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში ქართული ხორბლის კულტურის შეტანასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
„დღეს, როდესაც მსოფლიოს ასე სჭირდება თანხმობა, ქართული სუფრა და პური სწორედ სტუმართმოყვარეობისა და ადამიანთა დაახლოების იდეას ემსახურება.
ეს აღიარება არის გზავნილი მომავლისთვისაც. ენდემური ჯიშების დაცვა და განვითარება ჩვენი აგრარული სექტორის, აგროტურიზმისა და მწვანე ეკონომიკის უდიდესი პოტენციალია. ჩვენი მიზანია, ეს ტრადიცია იყოს ცოცხალი, განვითარებადი პროცესი, რომელიც დოვლათს მოუტანს ჩვენს ფერმერებს და ქვეყანას.
განსაკუთრებულ მადლობას გიხდით მეცნიერებს, მკვლევრებს, საქართველოს საპატრიარქოს, ყველას, ვინც წლების განმავლობაში შრომობდით ამ ნომინაციის მოსამზადებლად. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მინისტრებს, სამი სამინისტროს ხელმძღვანელებს, წარმომადგენლებს, რომლებმაც უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანეს ამ შედეგის მიღწევაში. ეს აღიარება უპირველესად არის ამ ადამიანების, თითოეული თქვენგანის ძალისხმევის შედეგი. კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ გამარჯვებას. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ საქართველო, თავისი უნიკალური კულტურით, მსოფლიო ცივილიზაციის გამორჩეული ნაწილია,”- განაცხადა პრემიერმა.