
ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით,- ამის შესახებ ფილოსოფოს ზაზა შათირიშვილის მიერ გამოქვეყნებულ წერილში ვკითხულობთ.
შათირიშვილის განცხადებით, ილუზიაა ის, რომ აშშ-ის ამჟამინდელი ადმინისტრაცია და ტრამპი ებრძვიან “ დიპ სტეიტს”, პირიქით ისინი განუხრელად ასრულებენ მათ დავალებებს, რაზეც უკვე ფილოსოფოსმა არაერთხელ ისაუბრა და ამხილა ტრამპი და მისი ადმინისტრაცია.
“განვლილ თვეებში არაერთი წერილი მაქვს გამოქვეყნებული, რომელშიც კონკრეტული ფაქტების ანალიზით არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა, უმეტესად „დიპ სტეიტის“ სახელით ცნობილი ჩრდილოვანი ძალები, სახეცვლილების მცდელობაში ვამხილე, ხოლო აშშ-ის მოქმედ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე და მის ადმინისტრაციაზე, ასევე მტკიცებულებების დონეზე დავადასტურე, რომ ისინი არათუ ებრძვიან ოლიგარქიულ ძალებს, არამედ, პირდაპირ მათ დავალებას ასრულებენ და ეგრეთ წოდებული რებრენდინგის პროცესში ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ,”- ვკითხულობთ წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, მისი ერთ-ერთი მოვალეობაა, რომ ქართველი ხალხი შეაიარაღოს სიმართლით.
“ვინაიდან დღევანდელ სამყაროში საინფორმაციო ნაკადების მიმოსვლა არნახული სისწრაფით ხდება და საზოგადოებას, რომლიც გადატვირთულია პირადი თუ სამსახურებრივი საქმეებით, ნაკლები დრო რჩება გააანალიზოს გეოპოლიტიკური პროცესები, ასევე დაინახოს კულისებს მიღმა არსებული რეალობა, ჩემს ერთ-ერთ მოვალეობად მივიჩნევ, ქართველი ხალხი შევაიარაღო სიმართლით. ჩვენისთანა პატარა ერს ამ მოცემულობაში მხოლოდ და მხოლოდ გონივრული კოლექტიური გადაწყვეტილება გადაგვარჩენს, რისთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ხალხი აღჭურვილი იყოს ანალიზზე დაფუძნებული სიმართლით. მით უმეტეს, რომ ხსენებული ჩრდილოვანი ძალები, დღეს სრულად აკონტროლებენ არა მხოლოდ ფსევდოლიბერალურ მედიას, არამედ, ვითომდა კონსერვატიულ საინფორმაციო წყაროებსაც, საბოლოოდ კი,მრავალშრიანი პროპაგანდის ნიაღვარში სიმართლის გარკვევა უფრო და უფრო რთული ხდება.”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.
შათირიშვილის განცხადებით, არსებული მოლოდინები, რომ ტრამპის მოსვლის შემდეგ მდგომარეობა შეიცველობდა აღმოჩნდა ცრუ, რამდენადაც საქმე “ დიპ სტეიტის” მიერ დადგმულ სპექტაკლთან გვაქვს.
“როდესაც აშშ-ში ბაიდენის ადმინისტრაცია ტრამპის ადმინისტრაციამ შეცვალა, იყო განსაკუთრებული მოლოდინი, რომ დაიწყებოდა რეალური ბრძოლა ოლიგარქიული ოჯახების წინააღმდეგ. ამაზე მიუთითებდა პერსონალურად მისი განცხადებები, ამაზე მიუთითებდა მარკო რუბიოს, ჯეი დი ვენსის, ტულსი გაბარდის და სხვა მაღალჩინოსნების მძაფრი რიტორიკა, რომლებიც ყველა ბოროტების სათავედ სწორედ „დიპ სტეიტს“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობა) ასახელებდნენ.სიტყვებს მიღმა თითქოს ახალი ადმინისტრაციის ქმედებებიც გარკვეული იმედის საფუძველს იძლეოდა, როდესაც ტრამპის ბრძანებით ჯერ ამხილეს, ხოლო, შემდეგ დაფინანსება დაუხურეს და საქმიანობა შეუჩერეს ისეთ ფონდებს, როგორებიცაა USAID, NED და სხვა კრიმინალური დაჯგუფებები, თუმცა, სამწუხაროდ მალევე ცხადი გახდა, რომ საქმე გვაქვს არა „დიპ სტეიტის“ (არაფორმალური ოლიგარქიული მმართველობის) წინააღმდეგ ბრძოლასთან, არამედ ოლიგარქიული ოჯახების მიერ დადგმულ სპექტაკლთან, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ საკუთარი მოქმედების ფორმებსა და მექანიზმებს, რაც საზოგადოებისთვის აშკარა და მიუღებელი გახდა, სახე უცვალონ.”- ვკითხულობთ ზაზა შათირიშვილის წერილში.