ირაკლი ნადარეიშვილი: Independent-ის მიერ საქართველოს 2026 წლის შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დასახელება არის იმ პოლიტიკის აღიარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ქვეყნის პოპულარიზაციისა და პირდაპირი დაკავშირებადობის გაზრდისთვის

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის შეფასებით, მაღალრეიტინგული ბრიტანული გამოცემა Independent-ის მიერ საქართველოს 2026 წლის 7 საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დასახელება არის იმ პოლიტიკის აღიარება, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს როგორც ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდის, ასევე პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით.

„მიმდინარე წლის განმავლობაში ტურიზმის მთელი რიგი მიმართულებები, მათ შორის, ფინანსური მაჩვენებლები თუ ვიზიტების რაოდენობა რეკორდულია და წარმოადგენს იმ პოლიტიკის შედეგს, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს ბოლო წლების განმავლობაში. ამ პოლიტიკის ქვეშ ვგულისხმობ საკმაოდ კომპლექსურ მიდგომას, როდესაც ხდება ქვეყნის სწორი პოზიციონირება სამიზნე ბაზრებზე, სახელმწიფო ახორციელებს ინვესტირებას პირდაპირი დაკავშირებადობის, პირდაპირი ფრენების რაოდენობის გაზრდასა და იმ ინფრასტრუქტურაში, რომელიც დაკავშირებულია ტურისტული სერვისების მიწოდებასთან. შესაბამისად, არ არის გასაკვირი და გამონაკლისი ის აღიარება, როდესაც ბრიტანული წამყვანი გამოცემა ასახელებს საქართველოს შვიდ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის” – აღნიშნა ირაკლი ნადარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ბრიტანეთი არის სამიზნე, საინტერესო ბაზარი ქართული ტურისტული ინდუსტრიისთვის, რომელზეც ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს როგორც ქვეყნის პოპულარიზაციის გაზრდის, ასევე კონკრეტული შეთავაზებებისა და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, პირდაპირი დაკავშირებადობის განვითარების თვალსაზრისით.

ბრიტანულმა გამოცემამ Independent 2026 წლის საუკეთესო ტურისტულ ადგილებს შორის საქართველო დაასახელა. გამოცემის მოგზაური ექსპერტის, ლორენ ტეილორის თქმით, ტურისტებისთვის საქართველო სულ უფრო პოპულარული ხდება. Independent-ის სამოგზაურო სიაში საქართველო მალიორკას, აშშ-ს, სამხრეთ კორეისა და სხვა პოპულარულ მიმართულებებს შორის მოხვდა. Independent-ის სტატიაში მსოფლიოს სხვადასხვა ტურისტულ მიმართულებასთან ერთად აღწერილია თბილისი.

„EasyJet-მა წელს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით ფრენები დაიწყო, აღმოსავლეთ ევროპის ეს ქვეყანა სულ უფრო მეტ მოგზაურს იზიდავს. ამას დაემატება ახალი ავიარეისები, რომელიც 2026 წლიდან დაიწყება საქართველოს მიმართულებით. “- აღნიშნულია Independent-ის სტატიაში.

Back to top button