
ჩვენთვის მთავარია, დადგინდეს სიმართლე იმ ყველაფერთან დაკავშირებით, რაც მოხდა თავის დროზე 20 ივნისს და რის შედეგადაც მძიმე დაზიანებები მიიღეს ჩვენმა თანამოქალაქეებმა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს გამოძიება დაწყებული აქვთ და ეს გამოძიება სტასბურგის სასამართლოს მითითების საფუძველზე განახლდა.
„ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერს მოეფინოს ნათელი, მათ შორის სახელების და გვარების დონეზე, ვინ რას აკეთებდა. არსებობს აღიარებითი ჩვენებებიც. თავის დროზე, მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია აცხადებდა, რომ ყველაფერზე იღებდა პასუხისმგებლობას და ყველაფერზე ის იყო პასუხისმგებელი, მათ შორის კონკრეტულ ბრძანებებზე და რეზინის ტყვიების გამოყენებაზეც. ახლა სხვანაირად საუბრობენ მისი პარტიის წარმომადგენლები, თუმცა ეს აღიარებითი ჩვენება არსად არ წასულა, არსებობს შესაბამისი მასალები. თუმცა, კიდევ უფრო მეტი ჩაღრმავება არის მნიშვნელოვანი და ბუნებრივია, ჩვენც მაქსიმუმს გავაკეთებთ ჩვენი გამოძიების ფარგლებში, რომ საზოგადოებას ჰქონდეს სრული ინფორმაცია ამ ყველაფერთან დაკავშირებით”, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.