ტურისტების რაოდენობის მხრივ 2025 წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო – შოთა ბურჯანაძე

საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა, – აცხადებს საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე, რომელიც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა.

ბურჯანაძის განმარტებით, ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი წარმატებული იყო.

„მიმდინარე წლის დასაწყისი ტურიზმის სფეროსთვის არც თუ ისე სახარბიელო იყო, თუმცა საბოლოო ჯამში 2025 წელმა მოლოდინებს გადააჭარბა. ტურისტების რაოდენობის მხრივ წლევანდელი წელი ძალიან დადებითად შემიძლია შევაფასო. მისასალმებელია შეხვედრები ბიზნესებსა და ტურიზმის ადმინისტრაციას შორის. ვინაიდან გვაქვს შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ ის გამოწვევები, იდეები და პრობლემები, რომლებიც აქტუალურია ტურიზმის სფეროში”, – აცხადებს შოთა ბურჯანაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბიზნეს ასოციაციის წევრებსა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს ადმინისტრაციის 2026 წლის პროექტები და გეგმები გააცნეს. სხვადასხვა ბიზნესისა და ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიმდინარე პროექტებს, მარკეტინგულ კამპანიებსა და დაგეგმილ აქტივობებს გაეცნენ.

შეხვედრაზე განიხილეს ტურიზმის სფეროში მიმდინარე ტენდენციები. მაია ომიაძემ განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ტურისტული ბაზრების დივერსიფიკაციას, მაღალშემოსავლიანი ტურისტული ნაკადის მოზიდვასა და საქმიანი ტურიზმის (MICE) მიმართულების გაძლიერებას. ამ კუთხით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კომბინირებულ მარკეტინგულ კამპანიებს ატარებსმიზნობრივ ტურისტულ ბაზრებზე. მათ შორის: ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, ჩინეთში, ინდოეთში, ასევე სპარსეთის ყურის ქვეყნებში.

აღნიშნული ტენდენცია 2026 წელს არა მხოლოდ გაგრძელდება, არამედ მოხდება ტურისტული შეთავაზებებისა და პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ახალი ტურისტული ადგილების განვითარება, ასევე გაფართოვდება კერძო სექტორის გაძლიერების მხარდამჭერი პროგრამები და სხვა.

შეხვედრაზე ასევე დაანონსდა ის, რომ საქართველო 2026 წელს აზიის ერთ-ერთი უმსხვილესი ტურისტული გამოფენის ITB შანხაის ოფიციალური მასპინძელი ქვეყანა იქნება. შეხვედრაზე განსაკუთრებულად გაესვა ხაზი საჯარო და კერძო სექტორის თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავების მნიშვნელობას ტურიზმის განვითარებაში. შეხვედრის დასასრულს, ბიზნესის წარმომადგენლებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ტურიზმის ადმინისტრაციის დარგის განვითარების შესახებ საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს.

Back to top button