
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა, განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში დაგლას უებმა, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გელა სამხარაულმა „მწვანე და აგრო სტიპენდიების“ პროგრამის გამარჯვებული სტუდენტები დააჯილდოვეს.
ღონისძიებაზე დავით სონღულაშვილმა ახალგაზრდებს გამარჯვება მიულოცა და პროფესიული განვითარების გზაზე წარმატებები უსურვა. მინისტრის განცხადებით, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში მსოფლიო ერთდროულად აწყდება კლიმატის ცვლილების, გეოპოლიტიკური არასტაბილურობისა და სასურსათო უსაფრთხოების სერიოზულ გამოწვევებს, რის გამოც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების გაძლიერება.
„საქართველოს მთავრობისთვის გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა და სოფლის მეურნეობის განვითარება ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხედვის განუყოფელი ნაწილია. ეს ის სფეროებია, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება განათლებულ, კვალიფიციურ და მოტივირებულ ახალგაზრდებს. პროფესიონალი და კვალიფიციური კადრები არის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველი. სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამები მნიშვნელოვნად ეხმარება დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას და ახალგაზრდების მხარდაჭერას, რათა მათ შეეძლოთ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად რეალიზება აღნიშნულ სფეროებში“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.
„მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი 2022 წლიდან ახორციელებს. პროგრამა ხელს უწყობს გარემოსდაცვითი და აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციას, წარჩინებული სტუდენტების წახალისებას და მათთვის პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობის შექმნას შესაბამის სახელმწიფო უწყებებში.
„მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა უკვე მეოთხე წელია წარმატებით ხორციელდება და ყოველწლიურად უფრო მეტ ახალგაზრდას აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული გამოწვევების დაძლევის პროცესში. მიმდინარე წელს სტიპენდია 72 სტუდენტს გადაეცა, მათ შორის 32 სტუდენტს – „მწვანე სტიპენდია“, ხოლო 40 სტუდენტს – „აგროსტიპენდია“.
სტიპენდიანტები წარმოადგენენ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. პროგრამის ფარგლებში თითოეულ მათგანს 1500-ლარიანი სტიპენდია გადაეცა.
„მწვანე და აგროსტიპენდიების“ პროგრამა პროექტის „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში ხორციელდება, რომელიც დაფინანსებულია საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვედეთისა და შვეიცარიის მთავრობების მიერ, ხოლო მის განხორციელებას გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) უზრუნველყოფს.