
„ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა“, – ასე ეხმიანება პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი გაბუნია, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ის მხარს უჭერს ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას.
გაბუნიას შეფასებით, საქართველო სისხლის ფასად გაეყარა წითელ იმპერიას, ლურჯ იმპერიასთან შეყრის მსურველი ქვეყანა კი ხედავს, რომ აქაც იმავე რეალობის წინაშე დგას, ვინაიდან, დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება.
„ხელმოცარული ოქტომბრელების მთავარი მხარდამჭერი და დამფინანსებელი ქალბატონი ამხანაგი თურმე ქართველი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას არ ემხრობა… ჩვენი საქმე ასეა: წითელ იმპერიას გავეყარეთ სისხლის ფასად და ახლა ლურჯ იმპერიას გვინდა შევეყაროთ და ვხედავთ რომ აქაც იგივე რეალობის წინაშე ვართ! დამოუკიდებელი და ღირსეული საქართველო არავის სჭირდება, არამედ მხოლოდ დამონებული, უსიტყვო მორჩილებით და ჩვენი ხალხის მიერ გაღებული სისხლის და ღვაწლის უგულებელყოფით…“, – წერს გიორგი გაბუნია სოციალურ ქსელში.