
„ვფიქრობ, საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური და გეოპოლიტიკური მდგომარეობის გასაგებად აუცილებელია რამდენიმე ფუნდამენტური გარემოების გათვალისწინება. ამჟამად, პუტინის რუსეთს სამხედრო წესით ოკუპირებული აქვს ამ პატარა ქვეყნის ტერიტორიის 20%, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელ რგოლს წარმოადგენს. რუსული არმია დედაქალაქიდან, სულ რაღაც, 40 კილომეტრში იმყოფება და საქართველოს არ გააჩნია საკუთარი ჯარი. ამ კონტექსტში საქართველოს მთავრობას პრორუსობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს ასე არ არის“, – ამის შესახებ სენატორმა „ბასკური ნაციონალისტური პარტიიდან“ ლუის ურიბე-ეჩებარიამ ესპანეთის სამეფოს სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტზე განაცხადა, სადაც მან საქართველოს შესახებ ორი კითხვა დასვა და ასევე, საქართველოში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა.
კომიტეტზე საგარეო საქმეთა, ევროკავშირისა და თანამშრომლობის სამინისტროს, საგარეო და გლობალურ საქმეთა სახელმწიფო მდივნის დოქტორ დიეგო მარტინეს ბელიოს მოსმენა გაიმართა, რა დროსაც სენატორმა კითხვა დაუსვა, თუ „რა დიპლომატიურ ურთიერთობებს ახორციელებს მთავრობა საქართველოსთან“?
სენატორის თქმით „საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთთან და პრორუსული რომ იყოს, საქართველო უკვე იქცეოდა ერთგვარ, „მეორე ბელარუსად“, ან რუსული ჯარები დატოვებდნენ საქართველოს ტერიტორიას დარწმუნებულნი იმაში, რომ თბილისში მათი იმპერიული ინტერესებისადმი კეთილგანწყობილი მთავრობა იმყოფება“.
მანვე ისაუბრა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე და აღნიშნა, რომ არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საპარლამენტო და არც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, ეჭვქვეშ არ დაუყენებია.
„საქართველოს მთავრობისგან რუსეთის მიმართ უფრო ხისტი პოზიციის დაკავებას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მას პუტინის კოლაბორაციონისტად წარმოჩენის საფრთხე ემუქრება. მაგრამ როგორ შეიძლება რომ ისევ არ ვითვალისწინებდეთ საქართველოს დელიკატურ გეოპოლიტიკურ მდგომარეობას? და პუტინმა რომ საქართველოს სრული ოკუპაცია გადაწყვიტოს, რას იზამდა ევროკავშირი? შეძლებდა ევროკავშირი, ან თუნდაც ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დაცვის გარანტირებას? – არა.
რა გააკეთა ევროკავშირმა, როდესაც რუსეთმა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მითვისება მოახდინა? ზოგიერთები ცდილობენ გვერდი აუარონ საქართველოს ისტორიას და იმ ფაქტს, რომ 1800 წელს რუსეთმა მისი ძალისმიერი ანექსია მოახდინა. თუმცა, რეალობა სხვაგვარია: სწორედ ამ კვირაში, საქართველომ, 46 სხვა სახელმწიფოსთან, მათ შორის, ესპანეთთან ერთად, ჰააგაში ხელი მოაწერა ევროპის საბჭოს მიერ ინიიცირებულ კონვენციას, დოკუმენტს, რომელიც აფუძნებს ზარალის ანაზღაურების კომისიას, რათა რუსეთს უკრაინაში განხორციელებული აგრესიული ომის გამო კომპენსაცია დაეკისროს. მრავლისმეტყველი ფაქტია, არა? განსაკუთრებით გულსატკენია ის ფაქტი, რომ პატარა ქვეყნები, რომლებიც სამართლიანად გრძნობენ საფრთხეს პუტინის მხრიდან – მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნები – ყველაზე მტრულად არიან განწყობილნი საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ. მათ ავიწყდებათ, რომ თავად ნატოს უსაფრთხოების გარანტიებით სარგებლობენ, საქართველო კი – პირიქით, დაუცველია.
ვინ დაეხმარება საქართველოს რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი თავდასხმის შემთხვევაში? ან კიდევ უფრო მძიმე ფაქტი: ნუთუ ადგილი აქვს პუტინის პროვოცირების მცდელობას, რათა მან საქართველოში ახალი ფრონტი გახსნას და ამით ყურადღება და სამხედრო ძალისხმევა ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან სხვა მიმართულებით გადაიტანოს? ეს ყოვლად დაუშვებელი იქნებოდა. ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფება ხელშესახებია და მას მოსახლეობის უმრავლესობა იზიარებს. მმართველ პარტიას ანტიევროპულობაში სდებენ ბრალს, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს მთავრობა და პარტია „ქართული ოცნება“ პროევროპულები არიან. სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ სწორედ მათი ინიციატივით შევიდა კონსტიტუციაში ცვლილება, რომელმაც ევროკავშირში ინტეგრაციის მიზანს კონსტიტუციური სტატუსი მიანიჭა? სხვაგვარად როგორ უნდა აიხსნას ის ფაქტი, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაუღალავად იშრომა საკუთარი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის ოფიციალური კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად და, მეტიც, მიაღწია კიდეც ამ სტატუსს?
მართალია, საქართველოში პოლიტიკური ვითარება ძალიან დაძაბული და პოლარიზებულია, თუმცა ეს ასეა ევროპისა და მსოფლიოს ბევრ სხვა ქვეყანაშიც. საუბარია „გამჭვირვალობის შესახებ“ იმ კანონზე, რომელზეც თქვენ, ბატონო სახელმწიფო მდივანო, მიანიშნეთ. შესაძლოა, ის ფაქტი, რომ ეს კანონი პრაქტიკულად რუსული ანალოგის ასლია, სავარაუდოდ შეცდომა უნდა იყოს, თუმცა საქართველომ ეს ტექსტი ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებს წარუდგინა. ეს ნაბიჯი გადაიდგა იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს, თუ რა ასპექტებში შეიძლება არ შეესაბამებოდეს იგი ევროპულ ხელშეკრულებებს ან ადამიანის უფლებათა კონვენციას, რათა ნებისმიერი ხარვეზი დაუყოვნებლივ იქნეს აღმოფხვრილი.
არჩევნების შედეგები აბსოლუტურად უდავოა – არცერთ საერთაშორისო ორგანიზაციას, არც საპარლამენტო და არც 4 ოქტომბრის მუნიციპალური არჩევნები, ეჭვქვეშ არ დაუყენებია. დავასრულებ: პარტია „ქართული ოცნება“ იგებს არჩევნებს საქართველოში, მოსწონთ ეს ზოგიერთებს თუ არა. მათ ქვეყანას მნიშვნელოვანი კეთილდღეობა მოუტანეს და ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობამაც ეს დაუფასა. ქართველების უმრავლესობას, უკრაინისა და სომხეთის გამოცდილების გათვალისწინებით, პრობლემები არ სურს. ქართველები პრაგმატულები და წინდახედულები არიან. არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ისინი ცდილობენ რუსეთთან ურთიერთობა მაქსიმალურად ფრთხილად წარმართონ, თუმცა აშკარად პროევროპულები არიან. საქართველომ იცის თავისი ადგილი. ქართველები სულელები არ არიან, მათ გამოცდილება აქვთ. გეოპოლიტიკა ასეთია. დიდი სახელმწიფოები აკეთებენ იმას, რაც სურთ, ხოლო პატარა ქვეყნები – იმას, რაც შეუძლიათ. ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგის გაფართოებას. ჩვენ დიალოგის მომხრე ვართ. როგორც შიდა დიალოგისა საქართველოში, ისე გულწრფელი და პირდაპირი დიალოგისა საქართველოსა და ევროკავშირს შორის“, – განაცხადა ლუის ურიბე-ეჩებარიამ.