მარიამ ქვრივიშვილი: მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ საქართველო – სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეორე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს, როგორც სატრანსპორტო და ლოგისტიკური ჰაბის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით მიმდინარე მსხვილ პროექტებზე ისაუბრა.

„საქართველო მზარდ ტვირთბრუნვას პასუხობს მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების იმპლემენტაციით, მათ შორისაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალი, რკინიგზის მოდერნიზაცია, ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზის განვითარება, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და თბილისის ახალი აეროპორტის მშენებლობა. ეს პროექტები მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის გამტარუნარიანობას და გააძლიერებს ქვეყნის, როგორც სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბის როლს რეგიონში”, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

საქართველო – სერბეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის სხდომა მარიამ ქვრივიშვილის და სერბეთის შიდა და საგარეო ვაჭრობის მინისტრის იაგოდა ლაზარევიჩის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. მხარეებმა განიხილეს თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები არაერთი სექტორული მიმართულებით, მათ შორის აქცენტი გაკეთდა ტრანსპორტისა და ენერგეტიკის დარგებში არსებულ პოტენციალზე.

„ჩვენ მზად ვართ, გავაღრმავოთ დიალოგი, გავცვალოთ გამოცდილება ენერგეტიკული ბაზრის განვითარებასთან დაკავშირებით და მხარი დავუჭიროთ სტაბილურ, გამჭვირვალე ენერგეტიკულ ჩარჩოს, ევროპული პრინციპების შესაბამისად. ამ პარტნიორობის გაძლიერება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების ამაღლებას, მიწოდების მარშრუტების დივერსიფიკაციასა და ორივე ქვეყნის გრძელვადიან მდგრადობას. ამავე კონტექსტში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობა, რომელიც მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონის პირდაპირ დაკავშირებას სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასთან შავი ზღვის ფსკერზე გამავალი წყალქვეშა კაბელით. ამ პროექტის იმპლემენტაციის შედეგად, ევროპა შეძლებს დაუკავშირდეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონს, რაც პირდაპირ წვლილს შეიტანს ევროკავშირისა და კავკასიის რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

Back to top button