
მერიას აქვს შესაბამისი სამსახურები, 30 ათასამდე თანამშრომელია. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ჩემი დანიშნული იყოს, თუ ადამიანი ჩადის დანაშაულს, მას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება, ძალიან მარტივია. აბსოლუტურად ყველა პირი, ყველა დამნაშავე, აგებს პასუხს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალაძემ კომენტარი გააკეთა ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ყოფილ დირექტორ კახა გვანცელაძესთან დაკავშირებით, რომელსაც, პროკურატურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით ფულადი თანხების აღებაში სუს-ის ყოფილი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი მფარველობდა.
დედაქალაქის მერის განმარტებით, ჩატარებულ ტენდერებთან მიმართებით, მერიას კითხვის ნიშნები არ ჰქონია, ვინაიდან, ყველაფერი სწორად იმართებოდა, თუმცა, ამის უკან რა ხდებოდა და რა იყო არასწორად, ამის შესახებ მას და მის თანამშრომლებს ინფორმაცია არ ჰქონდათ.
„თუ აქვს დანაშაული ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ თანამშრომელს უწყებაში მომუშავეს, ყველა აგებს კანონის წინაშე პასუხს. რაც შეეხება ჩატარებულ ტენდერებს, რაც იყო ბაღებთან დაკავშირებით, ჩვენ არანაირი კითხვის ნიშანი არ გვქონია, იმიტომ, რომ რასაც ჩვენ ვხედავდით, ყველაფერი იმართებოდა სწორად. თუ ამის უკან რაღაცები ხდებოდა და რაღაცები არასწორად იყო, დაველოდოთ გამოძიებას ამ მიმართულებით.
დედაქალაქის მერს, დედაქალაქის მერის მოადგილეს, რომ გაიაზროთ, არ აქვს იმის უფლებამოსილება, რომ საგამოძიებო ქმედებები აწარმოოს. ამისთვის არსებობს შესაბამისი სამსახურები. რომ გამოევლინა აუდიტის სამსახურს [დარღვევა], რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან მიეცემოდა ამას შესაბამისი რეაგირება, როგორც სხვა შემთხვევებში.
გეუბნებით, რომ იმის უკან, თუკი რაიმე არსებობს, მე არ მაქვს ინფორმაცია და ვერც ჩვენს რომელიმე თანამშრომელს ექნება, თუკი რაიმე არსებობს იმის უკან. პროკურატურა და საგამოძიებო უწყებები არის იმისთვის, რომ აწარმოონ გამოძიება სხვადასხვა მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.