ვატო შაქარიშვილი ყოფილი ევროკომისრის დასანქცირებაზე: ვიღებთ მოცემულობას, რომ ამერიკის მოქალაქის აზრის ცენზურა დანაშაულია, მაგრამ საქართველოს მოქალაქის აზრის ცენზურა „დემოკრატიის დაცვა“

„ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ვატო შაქარიშვილი ყოფილი ევროკომისრის ტიერი ბრეტონის დასანქცირებას გამოეხმაურა.

„ევროკავშირმა თხარა, თხარაო და MEGOBARI Act-ი გამოთხარაო! აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ევროკავშირში მოქმედი აზრის გამოხატვის ცენზორები, მათ შორის ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი დაასანქცირა.

მარკო რუბიომ საკუთარ განცხადებაში ე.წ. ფაქტების შემმოწმებელ ორგანიზაციებს „გლობალური ცენზურის ინდუსტრიული კომპლექსი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია აღარ დაუშვებს ამერიკელების აზრის გამოხატვის ცენზურას, რომელიც ქვეყნის გარედან ხორციელდებოდა.

ვიღებთ მოცემულობას, რომ ამერიკის მოქალაქის აზრის ცენზურა დანაშაულია, მაგრამ საქართველოს მოქალაქის აზრის ცენზურა „დემოკრატიის დაცვა,“ რადგან საქართველოში ჯერ კიდევ მოქმედებს ცენზურის ფართო ქსელი, რომელთა დონორებში ამერიკის საელჩოც ფიგურირებს.

მათ სამიზნეს კვლავ წარმოადგენს ყველანაირი ალტერნატიული აზრი, რომელიც ლიბერალურ დღის წესრიგს არ ემთხვევა, ისინი გამოგონილი მიზეზებით ზღუდავენ კონკრეტული ადამიანების ფეისბუქ ანგარიშებს, ასევე მედიასაშუალებებს და აქტიურად ახორციელებენ ცენზურას.

სიტყვის თავისუფლება უნივერსალური ღირებულებაა, რომლის დაცვა არ უნდა ხდებოდეს გეოგრაფიული საზღვრების მიხედვით. თუ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მართლაც ცვლის მიდგომებს, მათ უნდა დაასრულონ დაფინანსება და ყოველგვარი თანამშრომლობა საქართველოში დღემდე მათი სახელით მოქმედ „აზრის პოლიციელებთან“, რომლებიც მედია ტერორს, ჯერ კიდევ აშშ-ის პრეზიდენტის მიერ „დემოკრატიის შუქურად“ წოდებული სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროიდან ახორციელებენ“, – აცხადებს შაქარიშვილი.

Back to top button