
„სტრატეგიულ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება მნიშვნელოვანია, რადგანაც ტვირთნაკადი იზრდება და შუა დერეფანი ვითარდება. 7 მილიარდის ოდენობის ინვესტიცია განხორციელდება ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და მასთან მისასვლელ საავტომობილო და სარკინიგზო გზებში, ასევე რკინიგზის დამატებითი შესაძლებლობების გაზრდის ღონისძიებებში, ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის განვითარებაში, ახალი ავტობანების მშენებლობაში და სხვა სატრანსპორტო – ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის პროექტებში. შუა დერეფნის კონტექსტში საქართველოს როლის გაძლიერება ძალიან მნიშვნელოვანია. ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს გაზრდის,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.
მინისტრის მოადგილემ აქცენტი გააკეთა ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე. თამარ იოსელიანის ინფორმაციით, მომავალი პორტის ტერიტორიაზე სამობილიზაციო სამუშაოები დასრულებულია და უშუალოდ სამშენებლო ეტაპი მალე დაიწყება. „სახელმწიფო შესაბამის ქმედით ნაბიჯებს გადადგამს, რომ 2029 წლისთვის საქართველომ და ანაკლიის ღრმაწყლოვანმა ნავსადგურმა პანამაქსის და ბოსფორმაქსის ტიპის გემები მიიღონ. ნავმისადგომის სიღრმე იქნება 16 მეტრი. ნავსადგურის მოსალოდნელი გამტარუნარიანობა 600,000 კონტეინერს (TEU) შეადგენს და მას ექნება 2 მლნ ნაყარი ტვირთის მიღება – გადამუშავების შესაძლებლობა,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.