გივი მიქანაძე პროფესიულ კოლეჯებში სასწავლო პროცესს ეცნობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე წყალტუბოს, წალენჯიხისა და ფოთის მუნიციპალიტეტების პროფესიულ კოლეჯებს ეწვია, სადაც სასწავლო პროცესს გაეცნო.

მინისტრმა საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და პროფესიული კოლეჯების თანამშრომლებთან  შეხვედრები  გამართა.

გივი მიქანაძემ შეხვედრებზე პროფესიული განათლების გაძლიერების მიზნით განსახორციელებელი ინიციატივები განიხილა და კოლეჯების თანამშრომლებისგან  არსებული გამოწვევების შესახებ მიიღო ინფორმაცია.

წყალტუბოს პროფესიული კოლეჯი სტუდენტებს შესთავაზებს სარესტორნო, სასტუმრო მომსახურების და სხვა 15-მდე პროგრამას. პროფესიული კოლეჯი  გათვლილია 150  სტუდენტზე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის  პროფესიული კოლეჯი ,,ლაკადა”  პროფესიულ და მომზადება/ გადამზადების 15-მდე პროგრამას ახორციელებს. სასწავლებელში ამჟამად პროფესიულ განათლებას  200-ზე მეტი სტუდენტი ეუფლება.

ქალაქ  ფოთის პროფესიული კოლეჯი ,,ფაზისი” პროფესიულ და მომზადება/გადამზადების 30-მდე პროგრამას ახორციელებს.  ამჟამად სასწავლებელში  400-მდე    სტუდენტი სწავლობს.  კოლეჯს აქვს ფილიალი, რომელიც მდებარეობს  ხობის მუნიციპალიტეტის  სოფელ ნოჯიხევში.

მინისტრთან ერთად პროფესიულ კოლეჯებში  ფოთის, ხობისა და სენაკის დელეგატი გიორგი ხახუბია; სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების დელეგატი      გივი ჭიჭინაძე და  ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

Back to top button