თამარ იოსელიანი: 2026 წელი რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება – 1 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, სალოკომოტივო პარკისა და სავაგონო შემადგენლობის განახლებისთვის

„საქართველოს რკინიგზა ახალ ეტაპზე გადადის. რკინიგზა არის საქართველოს სატრანსპორტო ქსელის უმნიშვნელოვანესი საყრდენი და მთავრობის პრიორიტეტია, გახდეს ბევრად უფრო ეფექტიანი და შესაბამისად, მდგრადი იმისთვის, რომ ჩვენი როლი შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი და უალტერნატივო იყოს “, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა, რომელმაც რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის დასრულება შეაფასა და საქართველოს რკინიგზის მომავალი წლის გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.

თამარ იოსელიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს როლის გაძლიერების მნიშვნელობას შუა დერეფნის კონტექსტში. მინიტრის მოადგილის განცხადებით, ამისთვის საჭიროა იმ ძირითად ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების განხორციელება, რომელიც ქვეყნის გამტარუნარიანობის პოტენციალს გაზრდის. ამასთან, როგორც თამარ იოსელიანმა აღნიშნა, მოდერნიზაციის პროექტმა საქართველოს რკინიგზის გამტარუნარიანობა გააორმაგა და ქვეყნის გადაკვეთის დრო და საოპერაციო ხარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა.

„მოდერნიზაციის პროექტი შესაბამისი რელიეფისა და მდებარეობის გამო რთული, თუმცა სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებს შორის საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში უპრეცედენტო აღმოჩნდა. პროექტში 1 მლრდ ლარის ინვესტიცია ჩაიდო და ახალი სარკინიგზო ხაზი ექსპლუატაციაში გაეშვა. პროექტი ჯამში 100 კმ-მდე სარკინიგზო ლიანდაგს მოიცავს, ამასთან ერთად, აშენდა დაახლოებით ასზე მეტი ობიექტი, მათ შორის – 6 გვირაბი, 10 ხიდი, 3 სადგური, ქვესადგურები და სხვადასხვა ტიპის ხელოვნური შენობა-ნაგებობები”, – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

თამარ იოსელიანმა 2026 წლის გეგმებზეც ისაუბრა, მისი პროგნოზით, მომავალი წელი რკინიგზისთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, რადგან კიდევ 1 მლრდ ლარის ინვესტიციის განხორციელება იგეგმება, მათ შორის, ახალი სალოკომოტივო პარკისა და სავაგონო შემადგენლობის განახლებისთვის

„ჩვენი მიზანია, რომ საქართველოს რკინიგზის საოპერაციო ნაწილი ბიუროკრატიისგან დაცლილი იყოს, რაც ჩვენი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ციფრული სერვისების დანერგვის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს, ყველაფერი ერთობლიობაში კი მოგვცემს ეფექტურ და მდგრად სატვირთო გადაზიდვების წარმოების საშუალებას”, – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.

Back to top button