
სუსის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც „ოპოზიციასთან და არც ექსხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს, – ასე ეხმიანება „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩანა ახალაიას დაკავებას.
როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს, ახალაიას დაკავება მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა.
„რაც შეეხება ბაჩო ახალაიას დაკავებას – სახელმწიფო გადადის შეტევაზე და გამოდის თავის მართლების რეჟიმიდან. ბაჩო ახალაიას დაკავება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ არ არის მხოლოდ კრიმინალური ქრონიკის მორიგი ეპიზოდი – ეს არის მნიშვნელოვანი გზავნილი მთელი საქართველოს პოლიტიკური სისტემისთვის. მინდა, მჯეროდეს, რომ ამ დაკავებით ქვეყანაში დასრულდა ქუჩის შანტაჟის ეპოქა. სუსის მიერ ჩატარებული ოპერაცია – ჩხრეკით, პროცესუალური მოქმედებებითა და გამოძიების ოფიციალური დადასტურებით – ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლება თანმიმდევრულად ახორციელებს კანონის უზენაესობის პრინციპს და არა შერჩევით სამართალს. არც „ოპოზიციასთან და არც ექსხელისუფლებასთან ასოცირებული გვარები, ყოფილი თანამდებობები და პოლიტიკური წარსული აღარ წარმოადგენს დამცავ ფარს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საუბარია არა პოლიტიკურ რიტორიკაზე, არამედ კონკრეტულ ეპიზოდებზე, რომლებიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფრთხეებსა და დესტაბილიზაციის მცდელობებს უკავშირდება. სახელმწიფო არ დაელოდა ვითარების უკონტროლო ფაზაში გადასვლას და წინმსწრებად იმოქმედა – ძლიერი სახელმწიფოს პროფესიული სპეცსამსახურების საუკეთესო ტრადიციებში. ეს საქმე საბოლოოდ ამსხვრევს მითს „სუსტი ხელისუფლების“ შესახებ. პირიქით, ვხედავთ ფუნქციონირებად სახელმწიფოს, სადაც ძალოვანი და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქმედებენ ზედმეტი ხმაურისა და ოპოზიციური ისტერიის გარეშე. ახალაიას დაკავება ასევე მკაფიო პოლიტიკური სიგნალია: რევანშისტული მცდელობები ქვეყნის ძალადობისა და ქაოსის ეპოქაში დაბრუნებისკენ მკაცრად იქნება აღკვეთილი. საქართველო აღარ არის ქვეყანა, რომელიც დესტრუქციასთან კომპრომისზე მიდის, ან მომავალში წავა“, – წერს ქართველიშვილი.