სოლომონ პავლიაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტის მშენებლობის პროცესს გაეცნო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტის მშენებლობის პროცესსა და მუყაო-ქაღალდის განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტს გაეცნო.

„მყარი ნარჩენების განთავსების  თანამედროვე ტიპის  ობიექტი, რომლის მშენებლობაც ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს, სრულად აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტს. ყველა ახალი, თანამედროვე ობიექტის გახსნა ქვეყანაში უკეთესი, ჯანსაღი გარემოს შექმნას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. მსგავსი პროექტები საშუალებას მოგვცემს, ეტაპობრივად დავხუროთ ძველი ნაგავსაყრელები, რომლებიც, მიუხედავად მათი არაერთგზის რეაბილიტაციისა, საზოგადოებისთვის გარკვეულ დისკომფორტს წარმოადგენს“, – განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ნარჩენების განთავსების თანამედროვე ობიექტი ოპერირებას 2026 წლის მეორე ნახევარში დაიწყებს; მოქმედი ძველი ნაგავსაყრელი სტანდარტების შესაბამისად დაიხურება. პროექტი „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა 2-ისა“ და საქართველო-გერმანიის ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში,  გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KFW) მხარდაჭერით მიმდინარეობს; სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული კომპანია ATLAS INSAAT ახორციელებს.

სოლომონ პავლიაშვილთან ერთად, ობიექტის მშენებლობის ადგილზე იმყოფებოდნენ სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში დავით ვერავა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი დავით კოდუა და საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი მიხეილ გოგოლიძე.

მინისტრის მოადგილემ, თანმხლებ პირებთან ერთად, ზუგდიდში განცალკევებულად შეგროვებული მუყაოსა და ქაღალდის მიმღები ობიექტიც დაათვალიერა.

ქაღალდისა და მუყაოს განცალკევებით შეგროვების და გადამუშავების შემდეგ იქმნება მუყაოს ახალი პროდუქტი და, ამავდროულად, მცირდება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.  მინისტრის მოადგილის განცხადებით, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს ქაღალდისა მუყაოს სეპარირების მთელი ქვეყნის მასშტაბით დასანერგად.

მუყაო-ქაღალდის განცალკევებულად შეგროვების საპილოტე პროექტი 2023 წლიდან „ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროგრამა 2-ის“ ფარგლებში ხორციელდება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა ლოკაციაზე, დამატებით, 300 სპეციალური კონტეინერის განთავსება იგეგმება; ამ ეტაპზე, რეგიონში 177 სპეციალურ კონტეინერში გროვდება ქაღალდი და მუყაო, რომელიც შემდეგ სპეციალურ საწყობში ტრანსპორტირდება და იპრესება. დაპრესილი მასალის გადამუშავებით ახალი პროდუქცია იქმნება.

Back to top button