
„მინდა გამოვეხმაურო ბატონი პრემიერ-მინისტრის ინიციატივას, რომ შეიქმნას კომისია. ჩვენი მხრიდან სრული მზაობაა. საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე, მინდა პირობა მივცე ჩვენს საზოგადოებას და პრემიერ-მინისტრს, რომ პირველი საკითხი იქნება ამ კომისიის შექმნა. და ამ კომისიაში ჩვენი საზოგადოება ნათლად დაინახავს და მოისმენს თუ რა გამოწვევები არის არარეალურად მაღალი ფასნამატების ირგვლივ“, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
მისი თქმით, ხელისუფლების ყველა შტო იქნება პროცესში ჩართული და გაკეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ეს პრობლემა აღმოიფხვრას.
„ეს არის საკითხი, რომელიც აწუხებს ჩვენს საზოგადოებას და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებულები ვართ, რომ მაქსიმუმი გავაკეთოთ ყველა ფორმატში – საპარლამენტო ფორმატი იქნება, აღმასრულებელ ფორმატში გადაწყვეტილების მიღება იქნება, შესაბამისი სამსახურების დაინტერესება იქნება სხვადასხვა მიმართულებით თუ ა.შ. ეს არის ძალიან კომპლექსური საკითხი და ინკლუზიურად ვიმუშავებთ ყველა შტო სახელმწიფოსი, რომ ეს პრობლემა იქნეს ერთხელ და საბოლოოდ აღმოფხვრილი“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.