
თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე ბაჩანა ახალაიას დაკავების შესახებ.
მისი განცხადებით, ყველასთვის ნათელია, რამდენად რთულია გამოძიება, როდესაც ის ინტერნეტაპლიკაციას და დახურულ ქსელებს ეხება.
„თამამად შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ქართულ გამოძიებაში მოხდა უპრეცედენტო რამ, როდესაც წუთებისა და წამების სიზუსტით გაიშიფრა სხვადასხვა ინტერნეტაპლიკაციის გამოყენებითა და საშუალებით კომუნიკაცია იმ კონკრეტულ ჯგუფსა და ბატონ ახალაიას შორის. ეს მარლაც უპრეცედენტოა ქართულ საგამოძიებო სივრცეში და დარწმუნებული ვარ, ურთულესი ოპერაცია და გამოძიებაა მსოფლიო მასშტაბითაც იმიტომ,მ რომ ყველამ ძალიან კარგად იცის, განსაკუთრებით მათ, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა, იცის რამდენად რთულია ამ თემის ასე გაშიფვრა, როდესაც ინტერნეტაპლიკაციას და დახურულ ქსელებს ეხება გამოძიება.
რაც შეეხება ქრონოლოგიას – საზოგადოება 4 ოქტომბერს პირდაპირ ეთერში უყურებდა ქვეყნის დამხობის დაანონსებულ რევოლუციის სცენარს. მთელმა საზოგადოებამ მოვისმინეთ სუს-ის ბრიფინგი, თუ როგორ ემთხვევა დროში, როგორი კომუნიკაცია იყო მთავარ ორგანიზატორსა და იმ ჯგუფთან და ჯგუფის წევრებს შორის, რომლებიც დღეს არიან დაკავებული ამ ბრალდებით. გამოძიებამ ძალიან ნათლად ასახა და დადო ეს ყველაფერი.
ვხედავთ, რომ ამა და ამ საათზე, წუთზე, წამზე შედის ზარი რუსთაველის გამზირზე და თუ სწორად, მახსოვს, კეთდება განცხადება, რომ თურმე „ქართული ოცნების“ ყველა ლიდერი უნდა დააკავონ. შემდეგ კონკრეტულ საათზე, წუთზე და წამზე კეთდება განცხადება, რომ უნდა დაიძრან „ქართული ოცნების“ ცენტრალური ოფისისკენ. რამდენიმე წუთის შემდეგ კეთდება ზარი და ვხედავთ პირდაპირ ეთერში განცხადებას, რომ თურმე ათონელის რეზიდენციასთან უნდა ჩავიდნენ და დაიკავონ პრეზიდენტის ადმინისტრაცია.
ასე რომ, მინდა, მადლობა გადავუხადო საგამოძიებო სტრუქტურას, უსაფრთხოების სამსახურს, ყველას, ვინც იყო ჩართული ამ უმნიშვნელოვანეს გამოძიებაში იმიტომ, რომ მართლაც უპრეცედენტო გამოძიება დაიდო ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.