
„პრემიერ-მინისტრის მიერ ფასების რეგულირების მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივამ საბოლოოდ, მოხსნა ნიღაბი და სრულად წარმოაჩინა მათი ნამდვილი ზრახვები“, – ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი „ტვ პირველზე“ გასულ სიუჟეტს.
ნიკოლეიშვილის შეფასებით, აუცილებელია ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი: ეს ჯგუფები, თავიანთი მედია-რესურსების ჩათვლით, აღარ წარმოადგენენ ოპოზიციას კლასიკური თუ დემოკრატიული გაგებით. ისინი ჩამოყალიბდნენ ბოროტი და მავნებლური ინტერესების მქონე დაჯგუფებებად, რომელთა მთავარი სამიზნე ქართველი ხალხია.
„მსოფლიო პოლიტიკურ პრაქტიკაში ძნელად მოიძებნება პრეცედენტი, რომელიც საქართველოს პოლიტიკურ ველს შეედრება. დემოკრატიულ სისტემაში ოპოზიციის ფუნქცია ხელისუფლების საქმიანობის კრიტიკული შეფასებაა იმ შემთხვევაში, როდესაც იგი ვერ ან არ მოქმედებს სახელმწიფოსა და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად; ამასთან, ოპოზიცია ვალდებულია საზოგადოებას შესთავაზოს რეალისტური, უკეთესი ალტერნატივები, სტრატეგიები და პროგრამული ხედვები. საქართველოს რეალობაში კი საქმე გვაქვს სრულიად საპირისპირო ფენომენთან. „ოპოზიცია“ ხელისუფლებას აკრიტიკებს არა ჩავარდნების, არამედ წარმატებების გამო – სვამს კითხვას არა „რატომ ვერ გააკეთეთ“, არამედ „რატომ აკეთებთ კარგს“. მათი პოლიტიკური ქცევა არ ეფუძნება სახელმწიფოებრივ აზროვნებას; პირიქით, იგი სისტემატურად მიმართულია დესტრუქციისკენ, რაც თავადაც ღიად ახარებთ. მათ უხაროდათ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელება; აღიზიანებთ ის ფაქტი, რომ საქართველო ომში არ არის ჩათრეული; მისასალმებლად მიაჩნიათ უცხო ძალების ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში; დადებით მოვლენად აღიქვამენ საერთაშორისო სანქციებს. პრემიერ-მინისტრის მიერ ფასების რეგულირების მიმართულებით წამოწყებულმა ინიციატივამ საბოლოოდ მოხსნა ნიღაბი და სრულად წარმოაჩინა მათი ნამდვილი ზრახვები. მათი რეაქცია არსობრივად შემდეგ ლოგიკას ემორჩილება: თუ ხალხს ცხოვრების პირობები გაუუმჯობესდება, მაშინ როგორ შენარჩუნდება ჩვენი პოლიტიკური არსებობა? ეს უკვე აღარ არის პოლიტიკური დებატი — ეს არის საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიმართ მტრული დამოკიდებულება. სწორედ ამიტომ, აუცილებელია ყველაფერს დაერქვას თავისი ნამდვილი სახელი: ეს ჯგუფები, თავიანთი მედია-რესურსების ჩათვლით, აღარ წარმოადგენენ ოპოზიციას კლასიკური თუ დემოკრატიული გაგებით. ისინი ჩამოყალიბდნენ ბოროტი და მავნებლური ინტერესების მქონე დაჯგუფებებად, რომელთა მთავარი სამიზნე, საბოლოო ანგარიშით, თავად ქართველი ხალხია“, – წერს ნიკოლეიშვილი.