
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის სექტორში სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჩამოწერის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებაზე დარგის წარმომადგენლებთან შეხვედრისას დეტალურად ისაუბრა.
„ჯარიმების ჩამოწერა ისტორიული, დარგისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. კერძო სექტორთან კომუნიკაცია და უკუკავშირი გვეხმარება მუშაობის პროცესში, რომ გადაწყვეტილების მიღებისას მაქსიმალურად ეფექტურები ვიყოთ ინვესტიციების განხორციელების ხელშეწყობის კუთხით”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ენერგეტიკის სახელმწიფო და სექტორის წარმომადგენლებმა. ეკონომიკის მინისტრმა მათ დარგის განვითარების მიზნით მიმდინარე პროცესები, მთავრობის ხედვა და ახალი ინიციატივები გააცნო. განსაკუთრებული აქცენტი მარიამ ქვრივიშვილმა ინვესტორებისთვის ჯარიმების ჩამოწერის გადაწყვეტილებაზე გააკეთა – სახელმწიფოს წინაშე დაგროვილი ჯარიმების ჯამური მოცულობა 1 მილიარდი ლარია. მინისტრის ინფორმაციით, ჯარიმები რამდენიმე ფაქტორიდან გამომდინარეობდა – ძირითადად ვადების დაგვიანება, ასევე კომპანიების მხრიდან მემორანდუმით ნაკისრი პასუხისმგებლობის ვერშესრულება.
„ჩვენ დეტალურად შევისწავლეთ ყველა პროექტი თუ მემორანდუმი, რომლებზეც სხვადასხვა გარემოებებიდან გამოდინარე დაკისრებული იყო ჯარიმები და პროცესი გამჭვირვალობის მიზნით ერთგვაროვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ენერგეტიკა ობიექტურად დღეს განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი სექტორია საქართველოს ეკონომიკისთვის, ქვეყნის ენერგო უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობისკენ, რომელსაც ძალიან ბევრი დადებითი ეფექტი აქვს ქვეყნის სწორ განვითარების მიმართულებით. ჯარიმების ჩამოწერის პროცესი იქნება გამჭვირვალე და სამართლიანი”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ჯარიმების პატიება წინაპირობებით და დათქმით მოხდება, პირველი და უმთავრესი ახალი ვადების განსაზღვრაა პროექტების ხასიათის შესაბამისად – მზის, ქარის თუ ჰიდრო პროექტია, ასევე პროექტის სტატუსიდან გამომდინარე – კვლევის ეტაპზეა ის თუ მშენებლობის. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, იმისთვის, რომ სახელმწიფოს და კერძო სექტორს ამ პროცესში მეტი სიცხადე ჰქონდეთ, საჭიროა, ყველასთვის იყოს ნათელი, რომელი პროექტები რა ვადებში განხორციელდება – როგორც სახელმწიფოს, ისე ინვესტორების მხრიდან. ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, კერძო სექტორს თავისუფლება ექნება, რომ პროექტის ეტაპიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ინვესტორმა თავად განსაზღვროს მისი განვითარებისთვის საჭირო ახალი, გონივრული ვადა.
„ამის საფუძველზე ეკონომიკის სამინისტრო მოახდენს არსებული მემორანდუმის ცვლილებას, განისაზღვრება ახალი გონივრული ვადა და გაფორმდება ახალი მემორანდუმი, სადაც საჭიროების შემთხვევაში შეიძლება საინვესტიციო მოცულობაც დაკორექტირდეს. თუმცა, ჯარიმების პატიება არ იქნება უპირობო, პროექტების ახალი ვადების მონიტორინგი ეკონომიკის სამინისტროსა და შესაბამისი უწყებების მხრიდან აქტიურად განხორციელდება. ეს ნიშნავს, რომ თუ სახელმწიფოსა და ინვესტორის შორის შედგა შეთანხმება და განისაზღვრა ახალი ვადა, მაგრამ შეთანხმებული ვადები არაობიექტური მიზეზის გამო დაირღვა, ნაპატიები ჯარიმა სრულად აღდგება, ასევე დაემატება საურავი, რომელიც დაკავშირებულია ვადაგადაცილებასთან”, – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის” გენერალური დირექტორი ვანო ზარდიაშვილი და ესკო-ს გენერალური დირექტორი თორნიკე ყაზარაშვილი ესწრებოდნენ.