
“რიკოთის მაგისტრალის ამოქმედება ცალსახად მნიშვნელოვანია შუა დერეფნის განვითარების თვალსაზრისით. საქართველოს მთავრობის თანმიმდევრული პოლიტიკა ითვალისწინებს მულტიმოდალური სატრანსპორტო ეკოსისტემის განვითარებას, სადაც დაკავშირებადობის ეფექტურობა ინფრასტრუქტურის გამტარუნარიანობით, უსაფრთხოებით და სანდოობით იზომება,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა. მისი თქმით, მაგისტრალის მშენებლობის დასრულება გარდამტეხი და ისტორიული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ქვეყნის სატრანსპორტო – ლოგისტიკურ სისტემას სრულიად ახალ თანამედროვე და უსაფრთხო სტანდარტებზე აიყვანს.
როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რიკოთის მაგისტრალის პროექტი მნიშვნელოვნად ზრდის საქართველოს სატრანსპორტო და სატრანზიტო პოტენციალს, ამცირებს გადაზიდვების ხარჯებს, ზრდის ეფექტურობას და აძლიერებს საქართველოს შეუცვლელ როლს შუა დერეფნის განვითარებაში. „რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავასრულეთ რკინიგზის მოდერნიზაციის ისტორიული პროექტი, ასევე გადავდივართ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის აქტიურ ფაზაში. ყველა ეს პროექტი, შინაარსიდან გამომდინარე, ტრანსფორმაციულია და ხელს უწყობს საქართველოს როლის ზრდას შუა დერეფანში,” – აღნიშნა თამარ იოსელიანმა.