
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ „კანონიერი ქურდობის“, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობის, ,,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის“ მიმართვაში ბრალდებული 12 პირი დამნაშავედ ცნო.
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ საზღვარგარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ წევრებისა და „ქურდული სამყაროს“ მხარდამჭერების საქმიანობას. ისინი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, გურიის რეგიონში, დაშინებით, „ქურდული გარჩევით“ და საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ახორციელებდნენ მოქალაქეთა შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტას, ე.წ. „ქურდული სალაროსთვის“ თანხის შეკრებას და „ქურდული სამყაროს“ წევრთან კონფლიქტში მყოფი პირების მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას.
სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და „კანონიერ ქურდობაში“ ბრალდებულს დაუსწრებლად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო „ქურდული სამყაროს“ წევრობაში ბრალდებული 4 პირიდან ერთს 9 წლით, 3 პირს კი 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ,ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერაში ბრალდებულ 3 პირს 3 წლითა და 6 თვით, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვაში ბრალდებულ 4 პირს კი სასამართლომ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
პროკურატურა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე დანაშაულის ჩამდენი პირების მიმართ მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს, რასაც მომავალშიც გააგრძელებს.