
ისლანდიელი მომღერალი ბიორკი გრენლანდიის გარშემო ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და წარმატებას უსურვებს კუნძულის მოსახლეობას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.
მისი განცხადებით, დანიელები გრენლანდიელებს დღესაც მეორეხარისხოვანი ადამიანებივით ექცევიან, ხოლო, იმის წარმოდგენა, რომ გრენლანდია ერთი სასტიკი კოლონიზატორიდან მეორე კოლონიზატორის, აშშ-ის ხელში აღმოჩნდება, აუტანელია.
„ყველა გრენლანდიელს ვუსურვებ წარმატებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ისლანდიელები უზომოდ ბედნიერები არიან, რომ 1944 წელს დანიისგან გამოყოფა მოახერხეს; ჩვენ ჩვენი ენა არ დაგვიკარგავს (ჩემი შვილები ახლა დანიურად ილაპარაკებდნენ). და მე მუდმივად თანავუგრძნობ გრენლანდიელებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იძულებითი კონტრაცეფციის შემთხვევა გამოაშკარავდა, როდესაც 1966-დან 1970 წლამდე 12 წლის და უფროსი ასაკის 4 500 გოგონას საშვილოსნოსშიდა სპირალები ჩაუდგეს ისე, რომ მათ არაფერი იცოდნენ ამის შესახებ.
12 წლის 4 500 გოგონას ჩაუტარდათ ცდა… ისინი ჩემი ასაკის და უფრო უმცროსები არიან… უშვილოები არიან… და დღესაც დანიელები გრენლანდიელებს ისე ექცევიან, თითქოს ისინი მეორეხარისხოვანი ადამიანები იყვნენ. მშობლებისგან ბავშვების წართმევა 2025 წელს!
კოლონიალიზმმა არაერთხელ დამიტოვა საშინელი შეგრძნება, ხოლო იმის შესაძლებლობა, რომ ჩემი მოძმე გრენლანდიელები ერთი სასტიკი კოლონიზატორის ხელიდან მეორის ხელში აღმოჩნდნენ, იმდენად მძიმე და დაუშვებელია, რომ მისი წარმოდგენაც კი აუტანელია. ისლანდიურად ვიტყვით: „ერთი უბედურებიდან მეორეში“.
ძვირფასო გრენლანდიელებო გამოაცხადეთ დამოუკიდებლობა! მიიღეთ თანაგრძნობა და თბილი სურვილები თქვენი მეზობლებისგან,“ – წერს ბიორკი სოციალურ ქსელ X-ში.