
არაერთხელ ვთქვით, რომ 4 ოქტომბერს მოხდა არა მხოლოდ დასასრული ამ დამხობების, რევოლუციების მცდელობების, არამედ გადატყდა იდეა და გაქრა ყოველგვარი სურვილი, მათ შორის, „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერების უმრავლესობაში, რომ საქართველოში აღარასდროს მოხდება აღარც დამხობა, აღარც ხელისუფლების უკანონო შეცვლის მცდელობა და ა.შ., – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
მაჭარაშვილის თქმით, „4 ოქტომბერს იდეურად გადატყდა დამხობების და რევოლუციების მცდელობები“.
მისივე თქმით, ამ რევოლუციურ სცენარებში „ნაციონალური მოძრაობის“ „მხარდამჭერებიც კი არ იღებენ მონაწილეობას“.
„ყველაზე მთავარი, რაც მოხდა, არის ის, რომ 4 ოქტომბერს დასრულდა ხელისუფლების ყოველგვარი უკანონო ცვლილებების იდეა. რაც შეეხება იმ ადამიანებს, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ დამხობის მცდელობაში, ბუნებრივია, მათ პასუხი უნდა აგონ.
ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დასრულდეს ის ფაქტი, რომ ვიღაც ჟურნალისტია, ვიღაც პოლიტიკოსია და ინდულგენცია არსებობს, რომ შევა, დაწვავს, „მოლოტოვის კოქტეილს“ ესვრის, ღობეს გადაანგრევს, ცეცხლს წაუკიდებს ქონებას, აბულინგებს პოლიტიკოსებს, თუ მათი ოჯახის წევრებს და ეს იქნება დაუსჯელი. დასრულდა – ყველა პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის წინაშე ისე, როგორც ეს კანონმდებლობაშია გაწერილი“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.