პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ყვარლის მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობის, მუქარის და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ფაქტებზე ორ პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2026 წლის 1 იანვარს, ყვარლის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთ სოფელში ბრალდებულმა ლ.ჩ.-მ საკუთარ შვილთან ერთად ფიზიკურად იძალადა თავის მეუღლეზე და მეზობელზე, რა დროსაც დაზარალებულებს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

8 იანვარს, ლ.ჩ. მეზობლის საცხოვრებელ სახლში მივიდა და შურისძიების მოტივით, დაზარალებულს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად დაზარალებული გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული დააკავეს. ლ.ჩ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (გამზრახ მკვლელობა), 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით (მუქარა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მის შვილს ბრალდება 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის “დ” ქვეპუნქტით (ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, ჯგუფურად), 120-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, ჯგუფურად) და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ორივე ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Back to top button