
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისმა მოლაპარაკებები გამართა კანადასთან და ავსტრალიასთან ილონ მასკის სოციალური მედიის პლატფორმის, X-ის შესაძლო აკრძალვასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას GB News-ი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მასკის პლატფორმა სკანდალში გაეხვა მისი ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტის, Grok-ის გამო, რომელიც ქალებისა და ბავშვების სურათების გენერირებისთვის გამოიყენებოდა.
“ახლა დაუნინგ სტრიტი სხვა ქვეყნებთან სამმხრივი ერთობლივი რეაგირების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს. როგორც ცნობილია, ავსტრალია და კანადა იზიარებენ კირ სტარმერის შეშფოთებას deepfake საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია სტატიაში.
გამოცემის თანახმად, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა, ენტონი ალბანეზემ, განაცხადა: “ის ფაქტი, რომ ეს ინსტრუმენტი გამოიყენეს იმისთვის, რომ ადამიანებს სურათების შექმნის ფუნქციით ესარგებლათ Grok-ის მეშვეობით, ვფიქრობ, სრულიად ამაზრზენია. ეს კიდევ ერთხელ არის მაგალითი იმისა, რომ სოციალური მედია არ იჩენს სოციალურ პასუხისმგებლობას. ავსტრალიელები და, რა თქმა უნდა, მსოფლიოს მოქალაქეები უკეთესს იმსახურებენ”.
კანადელი ლიბერალი პარლამენტარები კი ჯერჯერობით უარყოფენ, რომ მათი ქვეყანა პლატფორმის აკრძალვას აპირებს – ერთ-ერთმა მათგანმა, ტორონტოს ცენტრის წევრმა ევან სოლომონმა, პირობა დადო: “კანადა არ განიხილავს X-ის აკრძალვას”.
“დიდი ბრიტანეთი დაიმუქრა, რომ კიდევ უფრო შორს წავა და ონლაინ უსაფრთხოების კანონმდებლობის შესაბამისად, X-ს მთლიანად აკრძალავს, თუ ბატონი მასკი არ ამოიღებს ფუნქციას, რომელიც უხამსი სურათების გენერირების საშუალებას იძლევა. ასეთი ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის გაბრაზებას გამოიწვევს, რომელმაც ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიების საზღვარგარეთ ცენზურას ეწინააღმდეგება”, – წერს GB News-ი და აღნიშნავს, რომ ილონ მასკმა ლეიბორისტებს “ფაშისტები” უწოდა, რომლებიც მისი პლატფორმის წინააღმდეგ “ცენზურისთვის ნებისმიერ საბაბს ეძებენ”.
გამოცემის თანახმად, ტრამპის მოკავშირე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ანა პაულინა ლუნამ, კირ სტარმერისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ მუქარა გააჟღერა იმ შემთხვევაში, თუ X დაიბლოკება.
“საიტის დაბლოკვა ბრიტანეთს ისეთ ქვეყნებთან დააახლოებს, როგორიცაა ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჩინეთი და რუსეთი. თუმცა, მთავრობის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე ქვეყნის კოორდინირებული მოქმედება მასკს ძლიერ გზავნილს გაუგზავნის”, – წერს GB News-ი.