
ტრამპის რიტორიკასთან დაკავშირებით, კომენტარს არ გავაკეთებ გამომიდნარე იქიდან, რომ არაერთხელ გამიკეთებია და მისი რიტორიკა და ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან და არა, ნამდვილად არ მომწონს რა ფორმითაც აკეთებს ამ ყველაფერს, – ამის შესახებ “ფედერალისტების” ლიდერმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიასთან დაკავშირებით ბოლოდროინდელი რიტორიკის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ მართალია, ეს რიტორიკა დანიას რთულ ვითარებაში აყენებს, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს გრენლანდია და არ ჩაუგდოს ის ხელში რუსეთს და ჩინეთს, ვინაიდან, ეს ნებისმიერ ომში აშშ-ს უდიდესი უპირატესობის გარანტია.
“მე მგონია, რომ მოგვარდება ეგ, ანუ, არ მოხდება არანაირი შეჭრა და არანაირი გადმოჭრა. მისი რიტორიკა და მისი ქმედებები სრულიად განსხვავდება ერთმანეთისგან. ანუ, ეგრე ლაპარაკობს, მაგრამ, მერე სხვა რამეს აკეთებს, ამიტომ, მის რიტორიკაზე კომენტარების კეთება არის კურდღლის სორო, იმიტომ, რომ ერთ წუთში შეიძლება ერთი თქვას, მეორე წუთში – მეორე თქვას, უნდა უყურო მის ქმედებებს და ქმედებები ძალიან თანმიმდევრული აქვს.
დემოკრატიული ქვეყნები ერთმანეთში არ ომობენ და აქედან გამომდინარე, არ მგონია, რომ რაიმე სამხედრო ინტერვენციას აქვს ადგილი, ყოველ შემთხვევაში, მე ძალიან არ მინდა და კატასტროფა იქნება ჩემი აზრით ნატოს წევრ ქვეყნებს შორის რომ ასეთი რამ მოხდეს. მაგრამ, თითქმის გამორციხული მგონია რამე მსგავსი რომ მოხდეს. დანიაც და ამერიკაც ნატოში იმიტომ არიან, რომ ევროპა დაცული იყოს ამერიკის ძალით. ამერიკა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას ნატოს წევრი ქვეყნებისთვის. მთელი ამ ხნის განმავლობაში ეს იყო თემა, რომ შეიარაღებაზე საკმარისს არ ხარჯავენ და ა.შ., თავიდან ბოლომდე ამერიკის იმედად არიან – ეს არის ტრამპის რიტორიკაც.
გასაგებია, რომ ეს რიტორიკა დანიის მთავრობას რთულ მდგომარეობაში აგდებს და ჯობია, სხვანაირად მოხდეს. უბრალოდ, ვიცი, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ამერიკამ გრენლანდიაზე შეინარჩუნოს ის ბაზა და შეაკავოს ჩინეთი და რუსეთი იქ შესვლისგან, იმიტომ, რომ გრენლანდიაზე ამერიკის კოსმოსურ სადგურს აქვს უნარი, უდიდესი უპირატესობა მიანიჭოს ამერიკას ნებისმიერ ომში. წიაღისეულიც მნიშვნელოვანია ტრამპისთვის, არა იმიტომ, რომ მაინცდამაინც თვითონ უნდა, არამედ, იმიტომ, რომ არ უნდა, რომ ჩინეთმა წაიღოს და ეს ძალიან დიდ უპირატესობას მისცემს ჩინეთს სამხედრო წარმოებაში.” – აღნიშნა ჩერგოლეიშვილმა.
მისივე თქმით, ვისაც თავისუფალი სამყაროს ძალა აინტერესებს, ყველას ინტერესებშია ამერიკის მიერ გრენლანდიაზე კონტროლი, მათ შორის არიან დანიელებიც, ვინაიდან, სხვა შემთხვევაში, “ნატოს წევრი და ამერიკის ქოლგის ქვეშ” არ იქნებოდნენ.
“ვისაც თავისუფალი სამყაროს ძალა გვაინტერესებს და პრიმატი გვაინტერესებს, უნდა იყოს ყველას ინტერესებში ის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს [გრენლანდიაზე გავლენა]. რა გირჩევნიათ თქვენ, უპირატესობა ამერიკას ჰქონდეს თუ ჩინეთს? როგორც ქართველებს, მგონი ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ ჯობია, რომ ამერიკას ჰქონდეს. რაც შეეხება დანიას, დანიელებსაც ეგ ურჩევნიათ, ხომ, ცხადია? აბა, ნატოს წევრი რატომ იქნებიან და ამერიკის ქოლგის ქვეშ რატომ იქნებიან. ეგ არის და ეგ და არა, რასაკვრირველია, ამერიკა ოკუპანტი არ არის.” – განაცხადა თამარ ჩერგოლეიშვილმა.