
მსოფლიო ბანკმა საქართველოს 2025 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებას და 2026 წლის პროგნოზს ზრდის მიმართულებით გადახედა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ვახტანგ ცინცაძის განცხადებით, მიმოხილვაში 2025 წლის ეკონომიკური ზრდა 1,5 პროცენტული პუნქტითაა გაზრდილი, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ 2025 წელს საქართველოში იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ვიდრე ამას მსოფლიო ბანკი ელოდებოდა.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ზრდის მიმართულებით გადაიხედა 2026 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზიც. „ჩვენ ვხედავთ, რომ 2026 წლის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0,5 პროცენტული პუნქტით არის გაზრდილი და ის, მსოფლიო ბანკის შეფასებით, 5,5 პროცენტი იქნება. საქართველოს 2026-2027 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს დაახლოებით 1,6 – ჯერ აღემატება. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოში ეკონომიკური ზრდა იმაზე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები პროგნოზირებდნენ,” – აღნიშნა ვახტანგ ცინცაძემ.
„ჩვენი მიზანია, მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ აღნიშნული ტენდენცია, უზრუნველვყოთ მაღალი ეკონომიკური ზრდა, რაც დადებითად აისახება ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაზე და ზოგადად, ხელს შეუწყობს ქვეყნის კონკურენტუნარიანობასა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესებას,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.