მარიამ ქვრივიშვილი: ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის ინფორმაციით, ფრანგული ADP Group-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაახლოებით 150 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას ჩადებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად მონაწილეობა მიიღო საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და ADP Group-ის წევრ „ტავ ჯორჯიას”-ს მიერ შეთანხმების გაფორმების ღონისძიებაში, რომლის თანახმად კომპანია 2031 წლის ბოლომდე გააგრძელებს ოპერირებას – განახლებული პირობებითა და მიდგომით.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ინვესტიციის განხორციელების შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად განვითარდება, ტერმინალის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და არსებული 5 მილიონი მგზავრიდან 10 მილიონს გადააჭარბებს.

პროექტის განხორციელების შედეგად, არსებული ტერმინალი გაფართოვდება და მისი მოცულობა 50 პროცენტით გაიზრდება – ზრდა შეეხება როგორც ჩამოფრენის, ისე გამგზავრების ზონებს. განახლების შედეგად, დღეს არსებული თვითმფრინავის 58 სადგომის რაოდენობა 65-მდე გაიზრდება. ინვესტიცია მიზნად ისახავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიან, მდგრად განვითარებას, მისი ოპერაციული შესაძლებლობების საერთაშორისო სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაში მოყვანას.

„ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან ერთად, გაუმჯობესდა სახელმწიფოს კომერციული პირობებიც – საქართველოს აეროპორტების გაერთიანება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყოველწლიურად სამჯერ მეტ შემოსავალს მიიღებს, ვიდრე – დღეს. ასევე, საქართველოს აეროპორტების გაერთიანება პროექტის ღირებულების საავანსო თანხას, დამატებით 25 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს”, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

Back to top button