მაია ომიაძე: 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით-ზრდა გვაქვს თითქმის ყველა სტრატეგიული ქვეყნიდან

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2025 წლის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს. მაია ომიაძის განცხადებით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტაციის პროგნოზები გამართლდა და საქართველომ 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდულ რაოდენობას უმასპინძლა, რაც 5,521,866 ვიზიტს შეადგენს და ისტორიული მაჩვენებელია.

„2025 წელია შეჯამებულია და როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან კარგი ციფრებით დასრულდა. ჩვენ წლის დასაწყისშივე ვარაუდობდით, რომ ძალიან წარმატებული წელი იქნებოდა, ასეც აღმოჩნდა. ზრდა გვაქვს თითქმის ყველა ჩვენი სტრატეგიული ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ ტურისტული ვიზიტების ოდენობამ გადააჭარბა. 2025 წელი იყო რეკორდული საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის ვიზიტების მიმართულებით, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან ვიზიტორების მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია საუდის არაბეთიდან ისრაელიდან, დიდი ბრიტანეთიდან უპრეცედენტოთ გაზრდილი მოგზაურთა რაოდენობა საქართველოში“,-აცხადებს მაია ომიაძე.

როგორც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, ვიზიტების ზრდას მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო საქართველოდან მიზნობრივი ტურისტული ბაზრების მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების დანიშვნამ და ფრენების სიხშირეების გაზრდამ.
„რა თქმა უნდა უნდა, ძალიან დიდი როლი აქვს ამ ყველაფერში პირდაპირ ფრენებს. წლევანდელი წლიდან, 2026 წლიდან, აქტიურად იგეგმება ახალი ფრენები, ახალი მიმართულებები და სიხშირეების დამატება, ასევე ტრადიციული მარკეტინგული კამპანიები, რომლებსაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამიზნე ბაზრებზე ახორციელებს. 2025 წელი იყო გამორჩეული, ჩვენ გვქონდა ძალიან მასშტაბური მარკეტინგული კამპანიები, რომელიც 32 ქვეყანაში ჩატარდა და შესაბამისად შედეგიც სახეზეა. ვიმედოვნებთ და დარწმუნებულები ვართ. 2026 წელიც წარმატებული იქნება“,-განაცხადა მაია ომიაძემ.

საქართველოში 2025 წელს ტურისტული ვიზიტების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და ისტორიულ მაქსიმუმს 5,521,866 ვიზიტს მიაღწია, ზრდა 2024 წელთან შედარებით +8.4%-ით მეტია.
გასულ წელს საქართველოში 7,803,239 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, რაც 2024 წელთან შედარებით +5.9%-ით მეტია.

2025 წელს საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებით გამორჩეული იყო მე-4 კვარტალი. გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რეკორდული ზრდა დაფიქირდა და ისტორიული მაქსიმუმი 1,214,772 ვიზიტი შეადგინა, ზრდა 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია.

რაც შეეხება საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტებს, გასული წლის სექტემბერი-დეკემბრის პერიოდში, საქართველოში 1,693,484 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი შედგა, ზრდა 2024 წლის მე-4 კვარტალთან შედარებით +7.6%-ია.

Back to top button