თამარ იოსელიანი: TAV Georgia ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც საქართველოს საავიაციო სექტორში მასშტაბური ინვესტიცია განახორციელა და ეს არის სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითი

„ჩვენ 20 წელია, წარმატებით ვთანამშრომლობთ თურქულ კომპანია TAV Airports – სთან, რომელიც კომპანია TAV Georgia – ს მფლობელია და შედის ფრანგული სახელმწიფო ჰოლდინგში Groupe ADP. ამ პერიოდის განმავლობაში TAV Airports – სთან ერთად ჩვენ ახალ ეტაპზე ავიყვანეთ საქართველოს საავიაციო ინდუსტრია,” – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანმა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყანაა – 2024 წელს ამ მაჩვენებელმა 110 მლნ. ამერიკული დოლარი შეადგინა, 2025 წლის სამ კვარტალში კი მისი მოცულობა 150 მლნ ამერიკული დოლარია. შედეგად, 2025 წლის სამი კვარტლის ჯამური მონაცემებით, თურქეთი პირველია საქართველოს უმსხვილეს ინვესტორ ქვეყნებს შორის. თამარ იოსელიანის თქმით, თურქეთი არის საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი ინვესტორი, რაც ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და ძლიერი ეკონომიკური თანამშრომლობის შედეგია.

თამარ იოსელიანის ინფორმაციით, 150 მლნ ამერიკული დოლარი, რომელსაც თურქული კომპანიის TAV Airports – ის შვილობილი TAV Georgia განახორციელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, ყველაზე მსხვილი ინვესტიცია, რაც საქართველოში აღნიშნულ კომპანიას ერთდროულად განუხორციელებია. მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ TAV Georgia – მ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების სამუშაოები ერთხელ უკვე განახორციელა და ამაში დაახლოებით 60 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, TAV Georgia იყო ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელმაც საქართველოს საავიაციო ინდუსტრიაში მასშტაბური ინვესტიციები განახორციელა, რაც სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის თანამშრომლობის წარმატებული მაგალითია. თამარ იოსელიანის თქმით, იმ რეკორდულ შედეგებში, რასაც დღეს ქართული ავიაცია აჩვენებს, აღნიშნული თანამშრომლობის წვლილი ძალიან დიდია.

Back to top button