
„2025 წელს არ დაგვიკლია ძალისხმევა ხარისხის კონტროლის მიმართულებით მუშაობაში, რაც მიმდინარე წელს კიდევ უფრო აქტიური გახდება. დარღვევები ძირითადად გვხდება, როდესაც ამა თუ იმ კომპანიის სერტიფიცირებისთვის წარდგენილი ნიმუშები არ შეესაბამება იმ ლოტს, რომელიც გამზადებულია საექსპორტოდ ან ადგილობრივ ბაზარზე სარეალიზაციოდ. საერთაშორისო ბაზრებზე არსებული მძაფრი კონკურენციის პირობებში, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია ქართული ღვინის ხარისხი. სახელმწიფო, თავის მხრივ, არ იშურებს ძალისხმევას, რომ გაზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა. მეწარმემ ღვინის ხარისხზე ზრუნვა უნდა დაიწყოს ვენახიდან; შესაბამისად, კრიტიკულად მნიშვნელოვანია მოყვანილი ყურძნის ხარისხი“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ.
საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ქართული ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების ხარისხის კონტროლს რეგულარულად ახორციელებენ.
2025 წელს, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, რაც საწარმოებში ღვინის ტექნოლოგიური პროცესის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს, შემოწმებული 139 კომპანიის 703 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 9 კომპანიის 14 ნიმუშში.
საინსპექციო კონტროლი ჩატარდა 62 კომპანიაში; აღებული 1289 ნიმუშიდან, დარღვევა აღმოჩნდა 7 კომპანიის 19 ნიმუშში. სააგენტოს კონტრაქტორი კომპანიების შპს „ბიურო ვერიტას ჯორჯიას“ და შპს „სჯს ჯორჯიას“ მიერ შემოწმებულ 80 კომპანიაში აღებული 529 ნიმუშში, დარღვევა აღმოჩნდა 3 კომპანიის 3 ნიმუშში. ინსპექტირების პროცესი სერტიფიცირებისათვის წარდგენილი ალკოჰოლიანი სასმელის ნიმუშის ლოტთან შესაბამისობის დადგენას გულისხმობს.
ამასთან ერთად, საექსპორტო ალკოჰოლური სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, ჩატარდა 279 დეგუსტაცია, სულ სადეგუსტაციოდ შემოვიდა 13 349 ნიმუში. აქედან, დეგუსტაცია ვერ გაიარა 520 ნიმუშმა, დანარჩენი 12 829 ნიმუში შეფასდა დადებითად.
შიდა ბაზრის კონტროლი განხორციელდა 78 კომპანიის პროდუქციაზე; აღებული 136 ნიმუშიდან დარღვევა აღმოჩნდა 73 ნიმუშში.
2025 წელს, წინა წელთან შედარებით, დარღვევების რაოდენობა შემცირდა.
2026 წელს ხარისხის კონტროლი გაგრძელდება, რათა ათეულ მილიონობით ლიტრი ქართული ღვინო საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებდეს და მასზე მოთხოვნა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, უფრო მეტად გააქტიურდება შიდა ბაზრის კონტროლი.