
საქართველოს ბანკი ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის სექტორში პარტნიორი ბიზნესების გაძლიერებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, სასტუმრო „ამბასადორი გოდერძი“ გაფართოვდა და განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა.
„ამბასადორი გოდერძის“ ახალი შენობა თანამედროვე დიზაინის 89 ნომრისგან შედგება. სასტუმრო ჯამში 211 ნომერს, სპა ცენტრებს, აუზებს, რესტორნებს, ბარებს, კლუბს, საკონფერენციო ოთახებს, საბავშვო სივრცეს, სათხილამურო მაღაზიასა და სათამაშო სივრცეს აერთიანებს.
აღსანიშნავია, რომ სასტუმროს კონცეფცია ski-to-door access-ს ეფუძნება, რაც თხილამურებით სრიალის მოყვარულებისთვის დამატებით კომფორტს უზრუნველყოფს.
ინფორმაციისთვის, „ამბასადორი გოდერძი“ ამბასადორი ჯგუფის რიგით მესამე სასტუმროა საქართველოში. ჯგუფი უკვე მრავალი წელია სტუმარმასპინძლობის სფეროში ოპერირებს. ჯგუფი თბილისსა და კაჭრეთში 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების გარდა, რესტორნებს, მეღვინეობას, დეველოპერულ პროექტებსა და შავი ზღვის ბათუმის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის პროექტს აერთიანებს.
„ამბასადორი ჯგუფი“ უკვე წლებია წამყვანი მოთამაშეა ქართული სტუმარმასპინძლობის სფეროში და დიდი წვლილი მიუძღვის ტურიზმის ინდუსტრიის განვითარების საქმეში. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ, როგორც საერთაშორისო, ისე შიდა ტურიზმის განვითარების მიმართულებით. კურორტ გოდერძიზე მდებარე სასტუმრო ამისი ნათელი მაგალითია, რადგან ამ მოკლე პერიოდში „ამბასადორი გოდერძი“ ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცა როგორც ქართველი ტურისტებისთვის, ისე საერთაშორისო მოგზაურებისთვის. მოხარულები ვართ, რომ ჩვენს სასტუმროს უკვე საერთაშორისო ბაზარზეც აქვს განთქმული სახელი და ყოველ წელს უამრავ უცხოელ ტურისტს ვმასპინძლობთ. მათი მოგზაურობის მიზეზი უფრო მეტად გაუკვალავში სრიალის სიყვარულია და ამ მხრივ კი კურორტი გოდერძი საუკეთესო გამოცდილების მიღების შესაძლებლობას იძლევა. ახალ შენობაში განთავსებულია უნიკალური სპა, რომელიც ველნესის სფეროში უახლესი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გამოყენებით საუკეთესო სარელაქსაციო გამოცდილებას შესთავაზებს სტუმრებს. ეს სპა ზაფხულის სეზონზე კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის კურორტს ტურისტებისთვის, რაც თავის მხრივ დიდ წვლილს შეიტანს გოდერძის, როგორც 4 სეზონის კურორტის პოპულარიზაციაში. აღსანიშნავია ისიც, სასტუმროში დასაქმებულთა დიდი ნაწილი ადგილობრივებისგან შედგება. საქართველოს ბანკთან მრავალწლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს. წლების განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ, მათ შორის, ახლახან, „ამბასადორი კაჭრეთის“ ტერიტორიაზე აკადემიის შენობა გავხსენით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბანკი გვერდში უდგას ჩვენი ჯგუფის ახალ წამოწყებებს და მუდმივად მხარს გვიჭერს საინტერესო პროექტების განხორციელებაში. ვიმედოვნებთ, რომ სამომავლოდ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან კიდევ არაერთ პროექტს განვახორციელებთ ერთობლივად“, – განაცხადა „ამბასადორი გოდერძის“ გენერალურმა მენეჯერმა, ქეთევან ჩიგოშვილმა.
„საქართველოს ბანკისთვის სტუმარ-მასპინძლობის სექტორის განვითარების ხელშეწყობა და პარტნიორი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტია. „ამბასადორი ჯგუფი“ ჩვენი დიდხნიანი პარტნიორია, რომელთანაც 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობთ. შესაბამისად, ბანკი ჯგუფის პროექტების განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული და მხარს უჭერს ინიციატივებს, რომლებიც ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაძლიერებას და რეგიონების განვითარებასა ემსახურება. ამბასადორი გოდერძის გაფართოება კიდევ ერთი ნაბიჯია კურორტ გოდერძის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტურისტებისთვის თანამედროვე, მაღალი ხარისხის სერვისების შეთავაზების მიმართულებით. მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად აძლიერებს კურორტის ტურისტულ მიმზიდველობას და ხელს უწყობს სამუშაო ადგილების შექმნას. მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ჩართულობით მსგავსი პროექტები ხორციელდება, რაც, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ტურისტების მოზიდვას და საქართველოში სტუმარ-მასპინძლობის სფეროს განვითარებას უწყობს ხელს“, – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო ქემოკლიძემ.