
Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრის სივრცე 2 დღის განმავლობაში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნა და პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდის ბიზნესპარტნიორებსა და მომხმარებლებს ექსკლუზიურ ვახშამზე უმასპინძლა, რათა მათ უნიკალური გასტრონომიული გამოცდილება მიეღოთ. Beyond Taste – ასე ჰქვია გამორჩეულ ღონისძიებას, რომელმაც იტალიური გასტრონომია და ავტომობილების სამყარო ერთ სივრცეში გააერთიანა და ამ გზით ავტომოყვარულებს კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო მოუწყო.
https://www.facebook.com/share/v/1JVRtVPGhH/
თამარ ხოსროშვილი, Lamborghini Tbilisi-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი: „ეს არის Fine Dining-ის სრულიად ახალი გამოცდილება, როდესაც ვახშამი არა არსებულ რესტორანში, არამედ პრემიუმ ბრენდის სერვისცენტრში იმართება; იქ, სადაც ყოველდღიურად მხოლოდ ავტომობილებია წარმოდგენილი. ჩვენი მიზანი იყო, პარტნიორებისა და მომხმარებლისთვის ახალი, უფრო საინტერესო და დასამახსოვრებელი გარემო შეგვეთავაზებინა და მათთვის ნათლად გვეჩვენებინა, რომ Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრი სრულად შეესაბამება იმ ღირებულებებს, რომლებსაც პრემიუმ კლასის იტალიური ბრენდი აერთიანებს, მათ შორის, ინოვაციას, ექსკლუზიურობასა და უნიკალურ გამოცდილებას“.
გამორჩეული იყო ღონისძიების კონცეფციაც – იტალიიდან ჩამოყვანილმა Michelin Star-ის მფლობელმა შეფმა ჯოვანი ტუჩიმ (Giovanni Tucci) სპეციალურად შექმნილი შვიდკერძიანი ექსკლუზიური მენიუ მოამზადა, რომელთა სერვირება პირდაპირ სტუმრების თვალწინ, მაგიდასთან დასრულდა. კერძებს თან ახლდა ქართული ღვინოები, რომლებიც, იტალიური კულინარიის შესაბამისად, სომელიეს მიერ სპეციალურად იყო შერჩეული. ღონისძიების ფარგლებში მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა ცნობილმა ქართველმა ტენორმა ოთარ ჯორჯიკიამ. ამასთანავე, საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ვიოლინოს, ჩელოსა და ფორტეპიანოს ცოცხალი შესრულება.
ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი აქცენტი იყო ახალი მოდელის – Lamborghini Temerario-ს წარდგენა, რომლის გაყიდვები საქართველოში უკვე დაიწყო. ეს არის სრულიად ახალი სუპერქარი, რომელიც აღჭურვილია მძლავრი ტექნიკური მახასიათებლებით, მათ შორის, სრულიად ახალი V8 Bi-Turbo (Hot-V) ჰიბრიდული ძრავით, რომლის მოცულობა 4.0 ლიტრია და 920 ცხენის ძალას ავითარებს. ეს ტექნიკური პოტენციალი უზრუნველყოფს შთამბეჭდავ შესაძლებლობებს – 0-100 კმ/სთ აჩქარება მხოლოდ 2.7 წამშია შესაძლებელი, მაქსიმალური სიჩქარე კი 343 კმ/სთ-ია. ტექნიკურ სრულყოფილებას ავსებს Lamborghini-ის ავთენტიკური დიზაინი: მკვეთრი, აეროდინამიკური ხაზები, ექვსკუთხა განათების ხელწერა და დაბალი, ფართო სილუეტი, რომელიც ვიზუალურადაც უსვამს ხაზს ავტომობილის სპორტულობას.
Lamborghini Tbilisi-ს სერვისცენტრში ორი დღის განმავლობაში ექსკლუზიურ ვახშამზე, ჯამში, 60 სტუმარს უმასპინძლეს. ღონისძიების მიზანი იყო ბრენდის სერვისცენტრისთვის ახალი მნიშვნელობის მინიჭება, როგორც მრავალფუნქციური, კონცეპტუალური სივრცისთვის, რომელიც შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში უნიკალურ გარემოდ გარდაიქმნას. კომპანია გეგმავს, რომ მსგავსი ღონისძიებები სერიული სახის იყოს, რათა იტალიური სუპერქარების ბრენდმა საქართველოში მომხმარებლებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ექსკლუზიური გამოცდილება შესთავაზოს.
—
„თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი Lamborghini Tbilisi ისტორიული ბრენდის Lamborghini-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. ბრენდის შოურუმი თბილისში 2025 წლის ივნისიდან ფუნქციონირებს. Lamborghini სიძლიერის, ინოვაციისა და იდეალიზმის სიმბოლოა, რომელიც ხაზს უსვამს მის უნიკალურ შესაძლებლობებს და გამოხატულია დახვეწილი დიზაინით. Lamborghini Tbilisi-ს შოურუმი მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას, გაეცნონ ავტომობილის მრავალფეროვან კონფიგურაციებს და გაიზიარონ სპეციალურად მათთვის შექმნილი უნიკალური გამოცდილებები.