Apple TV-ის სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონი მილიონობით მაყურებელს საქართველოს ღვინის კულტურას და გასტრონომიას გააცნობს

21 იანვარს, Apple TV-ზე EMMY-ის მფლობელი, მრავალენოვანი სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონის პრემიერა შედგება, რომელიც მსოფლიო მასშტაბით მილიონობით მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სამყაროში, მათ შორის, საქართველოში ამოგზაურებს.

„მხატვრული სერიალი, რომელიც ღვინოზეა, გვერდს ვერ აუვლიდა საქართველოს. ეს არის იმ წარმატების შედეგი, რომელსაც ქართულმა ღვინომ მიაღწია საერთაშორისო ასპარეზზე. ქართული ღვინის კულტურა აღიარებულია არა მხოლოდ ღვინის სფეროში, არამედ მთელ მსოფლიოში, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული მონაპოვარი. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ შევხვდით სერიალის პროდიუსერებს და საავტორო ჯგუფს. მოუთმენლად ველით სერიალის დაწყებას, რომელიც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გასაზრდელად. სერიალი მაყურებელს გაუჩენს ქართული ღვინის გასინჯვის სურვილს. ქართული ღვინის კიდევ ერთი აღიარება ღვინის ეროვნული სააგენტოს საქმიანობის კიდევ ერთი შედეგია“, – აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.

სერიალის „DROPS OF GOD“ მეორე სეზონის ნაწილი გადაღებულია საქართველოში, კინოკომპანიების „სტუდია 99“ და „ასი ფილმი“ მონაწილეობით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ პროექტის „გადაიღე საქართველოში“ მხარდაჭერით. პროექტის კონსულტანტი იყო საქართველოს სომელიეთა ასოციაციის პრეზიდენტი შალვა ხეცურიანი.

„DROPS OF GOD“ ეფუძნება ამავე სახელწოდების ბესტსელერ იაპონურ მანგას და წარმოადგენს ფრანგულ-იაპონურ დრამას, რომელმაც კრიტიკოსებისა და მაყურებლების მაღალი შეფასება მოიპოვა მთელ მსოფლიოში.

სერიალის გმირების მამას, ლეგენდარულ ფრანგ სომელიე ალექსანდრ ლეჟერს,  შექმნილი აქვს მსოფლიოში ყველაზე დიდი და ძვირადღირებული ღვინის კოლექცია, რომლის გარშემოც პირველი სეზონის მოვლენები ვითარდება. ახალ სეზონში კი, გმირების ამოცანაა მიაგნონ კოლექციის ყველაზე საუკეთესო და ამავდროულად უსახელო ღვინის ბოთლის წარმოშობის ადგილს. სერიალის გმირი, აღნიშნული მიზნის მისაღწევად, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოშიც მოგზაურობს.

Back to top button