
სურსათის ფასებზე შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა. საკოორდინაციო კომისია დასკვნას აპრილში დადებს. ცნობილი გახდა, რომ კომისია არა მხოლოდ სურსათის ფასებზე, არამედ მედიკამენტებსა და საწვავის ფასებზეც იმსჯელებს.
“ქართული ოცნების” განმარტებით, კომისია სამი თვე იმუშავებს. პარალელურ რეჟიმში მოხდება საკითხის საპარლამენტო შესწავლაც. მმართველ გუნდში დარწმუნებული არიან, რომ ისინი კონკრეტული შედეგის მიღწევას შეძლებენ.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ლევან მახაშვილის თქმით, ხელისუფლება იზრუნებს იმაზე, რომ ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს საქართველოში არსებულ ეკონომიკურ რეალობას.
“გამოვკვეთთ თუ რაიმე პრობლემა არსებობს ამ ფასების წარმოქმნაში და, რაც ყველაზე მთავარია, ვიზრუნებთ იმაზე, რომ ეს ფასები არ იყოს გაბერილი და შეესაბამებოდეს იმ ეკონომიკურ რეალობას, რაშიც არის საქართველო. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის, ეს იყო მათი მოთხოვნაც და ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობიანი ხელისუფლება, ვალდებული ვართ, ეს საკითხი ბოლომდე შევისწავლოთ, გავასწოროთ, თუ რამეა გასასწორებელი საკანონმდებლო კუთხით თუ არსებული პრაქტიკით, გამოვიძიოთ, თუ რამეა გამოსაძიებელი – ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება ძალიან საინტერესო, რამდენიმეთვიანი პროცესი, რომლის საბოლოო მიზანი არის ფასების შემცირება იმ მიმართულებებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და აღელვებს ჩვენს მოსახლეობას და ყველა ჩვენგანს,” – აცხადებს ლევან მახაშვილი.