
დღეს გახარიას პარტიის წარმომდგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ, – განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ 20 ივნისის საქმეზე საუბრისას.
დეპუტატის თქმით, გიორგი გახარიას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც მოსთხოვს ქართული საზოგადოება ყველა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული.
„ცალსახაა, რომ ის, ვინც გასცემდა ბრძანებებს, ვინც მართავდა, იყო შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს გახარიას პარტიის წარმომდგენლებს სურთ, რომ გახარია განარიდონ ამ მოცემულობას და პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს გახარიას გარეშე, ეს არის მცდელობა საკუთარი ცრუ ნარატივი გაავრცელონ და საზოგადოებას შეასაღონ როგორც სიმართლე. გახარიას ტყუილები და გაქცევა არის ძალიან ახლოს მდგომი მოცემულობა. მისი გაქცევა, ღალატი არაერთგზის გვაქვს ნანახი. მას ეშინია სიმართლის, იმ პასუხისმგებლობის, რომელსაც ქართული საზოგადოება მოსთხოვს ყველა მის მიერ ჩადენილ ქმედებაზე, თუ დადასტურდება დანაშაული“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.
საქალაქო სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე გიორგი გახარიას სასამართლო პროცესი იმართება. დაცვის მხარე აცხადებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რაც შეეხება ბრალდების მხარეს. პროკურორი საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებზე მიუთითებს.