
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი ეხმიანება ჰელსინკის კომისიის განცხადებას, რომელიც აპირებს, რომ ბრიფინგი გამართოს საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და განიხილოს ადამიანის უფლებების მხრივ გაუარესებული მდგომარეობა.
მათიკაშვილის განცხადებით, საზოგადოებას აქამდეც ბევრჯერ მოუსმენია ჰელსინკის კომისიის მხრიდან ცილისწამება და ტყუილი საქართველოს მიმართ, შესაბამისად აღნიშნული ზეწოლა ქართველ ერზე ვერ გაჭრის.
„ჩვენ აქამდეც მოგვისმენია ჰელსინკის კომისიისგან ბევრი ტყუილი და ცილისწამება საქართველოს მიმართ, იქ მსხდომი საქართველოდან წასული რადიკალები და ქვეყნისადმი მტრულად განწყობილი ძალები მუდმივად ცდილობენ საკუთარი სამშობლოს დაზიანებას, მაგრამ სიმართლე საზოგადოებამ იცის ძალიან კარგად ჰელსინკის კომისიაში რა ტყუილიც არ უნდა თქვან სიმართლე არის ერთი და ეს საზოგადოებისთვის არის აბსოლუტურად ცნობილი, ასე რომ შანტაჟი, ზეწოლა და ძალმომრეობა ჩვენს ხალხსა და ქვეყანაზე ვერ გაჭრის“,- განაცხადა დავით მათიკაშვილმა.