გიორგი ვოლსკი „საია“-ს სარჩელზე: საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს. მით უმეტეს, არ ვიცოდით, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა

საზოგადოების დიდმა ნაწილმა და მართალი გითხრათ, არც ჩვენ ვიცოდით, რომ ასეთი სარჩელი არსებობს, – განუცხადა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ „საია“-ს სარჩელთან დაკავშირებით.

მისი თქმით, მით უმეტეს, არ იცოდნენ, რომ „საია“-ს ამასთან დაკავშირებით გარკვეული მოლოდინები გააჩნდა.

„რეალურად, „საია“-მ ძალა უნდა მოიკრიბოს და ეცადოს სტრასბურგის სასამართლოს დაუმტკიცოს, რომ შესაძლებელია ფურცლის ერთი მხრიდან გამოჟონილი მელნით დააზუსტო რომელ პარტიას მისცა ამა თუ იმ ადამიანმა ხმა. მითუმეტეს, თუკი ეს ბიულეტენი დევს მყარ და სქელ მუყაოს კონვერტში“, – აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

ცნობისთვის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვა დაიწყო. ევროპულმა სასამართლომ მოსარჩელეების მოთხოვნა, რომლითაც ჯერ კიდევ 2024 წლის ბოლოს საპარლამენტო არჩევნების შედეგების შეჩერებას ითხოვდნენ, არ დააკმაყოფილა. საქმის არსებითი განხილვა სტანდარტული ფორმით დაჩქარების გარეშე იწყება.

 

Back to top button