“ენჯეოშნიკების” ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა – დავით მათიკაშვილი

რატომ დამალა საია-მ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები – მეორე დღეა, თემაზე პოლიტიკური შეფასებები კეთდება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციის სასარჩელო მოთხოვნების ნაწილი დაუშვებლად ცნო. არც კი განიხილა კიდევ ერთი მთავარი მოთხოვნა დროებითი ღონისძიების გამოყენებაზე, რომელიც არჩევნების შედეგების შეჩერებას უკავშირდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციაში ამტკიცებენ, რომ მათ სასამართლოსთვის ამ მოთხოვნით არ მიუმართავთ, ოფიციალური დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ საია-მ მოთხოვნა სტრასბურგს 2024 წლის ნოემბერში 5 განმცხადებლის სახელით წარადგინა. ასევე, იუსტიციის სამინისტროსთვის ევროსასამართლოსგან გამოგზავნილი ოფიციალური შეტყობინებით ირკვევა, რომ საჩივრების ნაწილი სექციის ვიცე-პრეზიდენტმა დაუშვებლად მიიჩნია.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ საია-მ სტრასბურგის უარი შეგნებულად დამალა და ახლა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს, სტრასბურგს კი არც არსებითი განხილვა დაუწყია, რადგან მოთხოვნების ნაწილის დასაშვებობის საკითხი ჯერ გადაწყვეტილიც არ არის.

“ენჯეოშნიკების” ტყუილს ფარდა ჩამოეხსნა. რაც საია-მ იკადრა და შეეცადა, საზოგადოება მოეტყუებინა, ამ ტყუილს ძალიან მოკლე ფეხები აღმოაჩნდა. დიდი ნაწილი სარჩელისა, რომელიც საია-მ და სხვა პირებმა საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ შეიტანეს, პრაქტიკულად, უკვე უარყოფილია და მის განხილვაზე სასამართლომ უარი განაცხადა და მეტიც – ნაწილზე იმ სარჩელისა, რომელიც იქნება განხილული, უფრო მეტი კითხვის ნიშანი დაებადა სასამართლოს მოსარჩელე მხარის მიმართ, ვიდრე მოპასუხის მიმართ.

ამ ტყუილს, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები ავრცელებდნენ, რასაც საქართველოს ფარგლებს გარედანაც არაერთხელ ვისმენდით არჩევნების გაყალბებისა და ფარულობის დარღვევის თაობაზე, წერტილი აუცილებლად დაესმება. ერთხელ და სამუდამოდ ნათელი იქნება საზოგადოებისთვის, რომ ეს აგორებული ანტიქართული კამპანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, მსგავსად იმისა, რაც 2020 წელს ISFED-მა იკადრა, მსგავსად იმისა, რასაც დღეს საია კადრულობს, ეს ყველაფერი დასრულდება საქართველოს გამარჯვებით,” – აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დავით მათიკაშვილი.

Back to top button