
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის შეფასებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის წევრებსა და ქართველ მწარმოებლებს შორის ნაყოფიერი შეხვედრა შედგა, სადაც კიდევ ერთხელ დადასტურდა ის გამოწვევები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ არის იდენტიფიცირებული და გავლენას ახდენს სამომხმარებლო პროდუქციის მაღალ ფასებზე.
„მეორე მხრივ, არსებული გამოწვევები გავლენას ახდენს იმ გარემოებაზე, რომ ჩვენ ქართულ მარკეტებში ნაკლებად ვხედავთ საქართველოში წარმოებულ პროდუქციას. ეს, ფაქტობრივად, სრულად შეესაბამება იმ გამოწვევებს, რასაც ადგილობრივი მწარმოებლები ყოველდღიურობაში აწყდებიან”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრაში, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით გაიმართა, 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. შეხვედრისას განსაკუთრებული აქცენტი ქართული წარმოების პროდუქციის რეალიზაციის კუთხით არსებულ ვითარებაზე გაკეთდა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, მთავრობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ უზრუნველყოფილი იყოს მოსახლეობის ინტერესების დაცვა და შესაბამისად, მოხდეს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების კლება.
„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს იმპორტზე დამოკიდებულების შემცირება, ხელი შევუწყოთ ადგილობრივი პროდუქციის წარმოებას და ადგილობრივ საცალო ქსელებში ვიხილოთ უფრო მეტი ქართული პროდუქცია, ვიდრე უცხოური, იმპორტირებული. ეს, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ზოგადად ჩვენი ეკონომიკის, მცირე და საშუალო მეწარმეების ეკონომიკურ განვითარებას და დასაქმებას”, – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.