
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი და რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის დელეგატი საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილი ქ.რუსთავში მოქმედი ცემენტის საწარმოების წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევის უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების ფუნქციონირების საკითხზე. აღინიშნა, რომ სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შემცირების პროცესში მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, გარემოს დაცვა და ეფექტიანი კონტროლის მექანიზმების არსებობა, ხოლო, მეორე მხრივ, შეუფერხებელი წარმოება.
„ბოლო წლებში აქტიურად ვმუშაობთ ქ.რუსთავში ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით; არაერთი მნიშვნელოვანი რეგულაცია იქნა მიღებული, მათ შორის, მსხვილ საწარმოებს დაევალათ გაფრქვეული მავნე ნივთიერებების უწყვეტი მონიტორინგი, რამაც გარკვეული დადებითი შედეგები უკვე გამოიღო; თუმცა, საჭიროა დამატებითი, კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვაც, რათა უახლოეს მომავალში კიდევ უფრო უკეთესი შედეგები მივიღოთ. საწარმოების წარმომადგენლებისგან მოვისმინეთ თვითმონიტორინგის სისტემის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული გამოწვევები და ვიმსჯელეთ, როგორ შეიძლება სისტემის გაუმჯობესება ისე, რომ არ შეფერხდეს საწარმოების მუშაობა და, ამავდროულად, სახელმწიფოს ჰქონდეს ეფექტიანი კონტროლის მექანიზმი“, – აღნიშნა ნინო თანდილაშვილმა.
შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს იმ გამოწვევებზე, რომელიც საწარმოებში რეგულაციებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების პროცესში არსებობს.
„ყველა საწარმო, რომელთა წარმომადგენლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შევხვდით, ჩართულია 24 საათიანი უწყვეტი მონიტორინგის სისტემაში. მიუხედავად იმისა, რომ მეწარმე სუბიექტებს გარკვეული სირთულეები აქვთ, მათი მხრიდან არსებობს მზაობა ტექნოლოგიური პროცესების დახვეწის კუთხით. სამინისტროც მზად არის, მწარმოებლებს ხელი შეუწყოს, რათა მონიტორინგის სისტემის დანერგვისა და ოპერირების პროცესში შეფერხებები არ შეიქმნას“, – განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2021 წლის 1 ივნისიდან მოქმედი საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, მსხვილ სამრეწველო საწარმოებს დაევალათ გაფრქვევების უწყვეტი ავტომატური თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვა და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება სამინისტროსთვის. დადგენილი მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, მათ შორის აირმტვერდამჭერი სისტემის არქონის ან გამოუყენებლობის დროს, საწარმოებს გადაჭარბებული გაფრქვევებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელოვანი სანქციები ეკისრებათ.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ელენე ღუბიანური, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი ლევან ჯღარკავა და სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.