
საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი, – წერს ეკონომისტი, გიორგი ცუცქირიძე, სოციალურ ქსელში.
მისი განცხადებით, 2.8 მილიარდი დოლარის მოთხოვნა, რაც შეთავაზებულზე 5.5-ჯერ მეტია, იმის ნიშანია, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო, ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
როგორც ცუცქირიძე განმარტავს, ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან. მისივე თქმით, საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.
“საქართველოს მთავრობამ წარმატებით განახორციელა 500 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ევროობლიგაციების განთავსება ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო კუპონის განაკვეთი დაფიქსირდა 5.125% ოდენობით. ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა არა როგორც ერთჯერადი ფინანსური ტრანზაქცია, არამედ ეკონომიკისთვის ძლიერი სიგნალი.
ფასიანი ქაღალდების განთავსებამდე იყო მანიპულაციები თითქოს ქვეყანას ძველი ვალის რეფინანსირება გაცილებით ძვირი დაუჯდება. შედარებისათვის მოყვანილი იყო მაგალითად 2021 წლის საქართველოს ევროობლიგაციების გამოშვების წლიური საპროცენტო განაკვეთი- 2.75%, რაც ისტორიულად დაბალ ნიშნულს წარმოადგენს საქართველოსთვის, ხოლო განტავსების განაკვეთად 5.6-6 % -ს პროცენტს ვარაუდობდენ.
ამ დროს, ქვეყნის სუვერენული ობლიგაციების განაკვეთი დიდწილად მიბმულია გლობალურ ბაზრებზე და პირველ რიგში აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთთან. საპროცენტო განაკვეთები 2021 წლის გაზაფხულზე ძალიან დაბალ დონეზე იყო, კერძოდ აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთი დაახლოებით 0.75-1% იყო , რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია საერთაშორისო ბაზრებზე არსებული რისკისა და მონეტარული პოლიტიკის ფონზე. აშშ-ის და სხვა განვითარებული ქვეყნების სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები მკვეთრად გაიზარდა 2021 წლის შემდეგ ინფლაციის და ცენტრალურ ბანკების მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გამო. მოგეხსენებათ იმ პერიოდში არც უკრაინის ომი იყო დაწყებული და არც გლობალური დაძაბულობა იყო ამ დონეზე ახლო აღმოსავლეთში.ეს ზრდის ვალის ღირებულებას ინვესტორთა რისკ-პრემიების ზრდით. თუ 2021 წელს აშშ-ის 5-წლიანი სახაზინო ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 1 %-ზე ქვემთ იყო, დღევანდელი მონაცემით მისი ღირებულება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი და დაახლოებით 3.7 % – 3.8 % ფარგლებშია.
შესაბამისად, მოხდა თუ არა სახელმწიფოს დაფინანსების ღირებულების შემცირება უნდა ამოვიდეთ გლობალური ბაზრების ტენდენციიდან და ქვეყნის სუვერენული რეიტინგიდან (იგულისხმება S&P / Fitch / Moody’s რეიტინგები). 5.125%-იანი კუპონი არა თუ გაცილებით ნაკლებია ოპოზიციურ საექსპერტო ვარაუდზე არამედ ნიშნავს, რომ საქართველომ ფული მოიზიდა უფრო იაფად, ვიდრე ბოლო წლებში ჩვენი მსგავსი(BB), არამედ, ერთი საფეხურით მაღალი რეიტინგის მქონე ქვეყნების ნაწილმა, რომელთაც აქვთ BB / BB+ დონე სუვერენული ევროობლიგაციებისთვის, ბოლო 4 წელიწადში.
2021 წლის ევროობლიგაციების გადაფარვა ახლით ნიშნავს, რეფინანსირების რისკის შემცირებას რადგან არ გაჩნდა ერთჯერადი დიდი გადახდის საჭიროება და გაუმჯობესდა ვალის ვადობრივი სტრუქტურა, რაც ზრდის ფისკალურ სტაბილურობას და პროგნოზირებადობას.
ნიშანდობლივია, რომ ობლიგაციის განთავსება თანხვედრაშია ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის გაუმჯობესებასთან და „ნეგატიურიდან სტაბილურზე“, რაც იწვევს 50 საბაზისო პუნქტზე მეტად სპრედის შემცირებასაც. 50 საბაზისო პუნქტზე მეტით შემცირებული ქვეყნის რისკი ნიშნავს, რომ საქართველო აღიქმება უფრო უსაფრთხო ეკონომიკად, რაც აისახება არა მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ბანკებზე, ბიზნესზე და ინვესტორებზე მთლიანად.
ამაზე მიუთითებს ინვესტორთა რეკორდული ნდობა. 2.8 მლრდ დოლარის მოთხოვნა (5.5-ჯერ მეტი შეთავაზებულზე) არის ძალიან ძლიერი სიგნალი, რომ საერთაშორისო ბაზრები ენდობიან საქართველოს პოლიტიკის კარგ პერსპექტივებს, ხოლო ინვესტორები მზად არიან გრძელვადიანად ჩადონ კაპიტალი, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გლობალური გაურკვევლობის ფონზე.
ამასთან, ინვესტორთა ინტერესი ლარში დენომინირებული ფასიანი ქაღალდების მიმართ ნიშნავს: ადგილობრივი ფინანსური ბაზრის კაპიტალიზაციის ზრდას და ლარის სტაბილურობისთვის პოზიტიურ ფაქტორს, ნაკლებ დოლარიზაციას გრძელვადიან პერსპექტივაში.
ევროობლიგაციების წარმატებული განთავსება არის ფინანსთა სამინისტროსა და ეროვნული ბანკის თანმიმდევრული და კოორდინირებული პოლიტიკის შედეგი, რადგან თუ ფისკალური პოლიტიკა ამცირებს დეფოლტის რისკს, მონეტარული პოლიტიკა — ინფლაციისა და ვალუტის რისკს.
რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მას ექნება „დამატებითი ეფექტი“ (crowding-in effect) კერძო სექტორზე. როდესაც სუვერენული ევროობლიგაციები დაბალ განაკვეთზე იყიდება ქართულ ბანკებს და კომპანიებსაც უადვილდებათ რა საერთაშორისო საკრედიტო ბაზარზე გასვლა, მცირდება კაპიტალის ფასი მთელ ეკონომიკაში, რაც ხელს უწყობს ეკონომიკურ ზრდას და დასაქმებას.” – წერს გიორგი ცუცქირიძე.